საქართველოში ელექტროენერგიის კომუნალურ სეგმენტში პრობლემების მინიმუმამდე დაყვანისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა- დაინერგა მრიცხველების წაკითხვის ერთიანი სისტემა, რითაც მოწესრიგდა მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვიანობა.
მრიცხველები ყოველი თვის ბოლო 4 დღეში წაიკითხება. ახალი სისტემის ამოქმედება ნიშნავს, რომ აღარ იქნება არასწორი საფეხურებრივი ტარიფით დარიცხვის შემთხვევები, იმოქმედებს გადახდის სპეციალური, მორგებული ვადები, პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველებისთვის.
ენერგეტიკოსი გია არაბიძე აღრიცხვის ახალ სისტემაზე გადასვლის რიგ უპირატესობებზე საუბრობს, რაც საბოლოოდ მომსახურების ხარისხსა და უწყვეტობაზე აისახება.
„ელექტროენერგიის მოხმარების აღრიცხვის ახალ სისტემაზე გადასვლა მოგვცემს შესაძლებლობას ერთდროულად ავიღოთ ყველა ანათვალი და დასრულდება ის ქაოსი, რაც მრიცხველის წაკითხვის ახალი სისტემის ამოქმედებამდე გვქონდა აღრიცხვაში – ზოგ უბანში 5 რიცხვში ხდებოდა აღრიცხვა, ზოგან 15-ში და ასე შემდეგ. ეს პრობლემა მოგვარდება და ზუსტად 30 კალენდარულ დღეში იქნება მონაცემები გადაგზავნილი ავტომატურ რეჟიმში“, – განმარტავს ენერგეტიკოსი გია არაბიძე.
მისივე თქმით, კიდევ ერთი უპირატესობა აღრიცხვის ახალი სისტემისა არის ის, რომ თუ აქამდე გადაუხდელობის შემთხვევაში კომპანიის ოპერატორები მიდიოდნენ ადგილზე, თიშავდნენ მრიცხველებს და აბონენტის მიერ გადასახადის გადახდის შემდეგ კვლავ იგივე საქმის კეთება უწევდათ ჩასართავად, ახალი რეფორმის შემდეგ ამდენი დროისა და რესურსის ხარჯვა აღარ იქნება საჭირო.
„მრიცხველების წაკითხვის ახალი სისტემა იძლევა საშუალებას, რომ ხელი შეეწყოს „ჭკვიანი მრიცხველების“ მასობრივ დამონტაჟებასა და მრიცხველის დისტანციურად, ოპერატიულად მართვას. როცა გადახდა დაფიქსირდება, როგორც ეს სატელეკომუნიკაციო კომპანიების სერვისების შემთხვევაშია, დაუყოვნებლივ მოხდება ელექტრომომარაგების აღდგენა“, – აღნიშნავს ენერგეტიკოსი.