ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ცნობით, მეტრომანები არ უქმდება და აბონემენტების პარალელურად, მოქალაქეები მგზავრობის საფასურის გადახდას მეტრომანებითაც შეძლებენ.
,,სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს აქამდე მოქმედი სამგზავრო ბარათები – მეტრომანები უქმდება, რაც სიცრუეა.
აღნიშნული ბარათები კვლავ რჩება საფასურის ერჯერადი გადახდის უნივერსალურ საშუალებად, სამგზავრო აბონემენტების პარალელურად. გარდა ამისა, სრულად ნარჩუნდება ბარათზე აქამდე არსებული ბალანსები და აღნიშნული თანხის გამოყენება მგზავრს შეუფერხებლად შეუძლია.
მეტრომანით საფასურის გადახდა აქამდე შესაძლებელი იყო მეტროთი, ავტობუსით და საბაგიროთი მგზავრობისას, ამჟამად კი, ასევე, შესაძლებელია ლურჯი მიკროავტობუსით სარგებლობისასაც.
თბილისის მერიამ არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ აქამდე მოქმედი ბარათები რჩებოდა ძალაში. მომავალშიც, ნებისმიერი მსგავსი სიახლის შესახებ ინფორმაციას პირველ რიგში, მერია გაავრცელებს,”- აღნიშნულია ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ გაკეთებულ განცხადებაში.