პირველი მარტიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა მთაწმინდის, ჩუღურეთისა და დიდუბის რაიონებში ამოქმედდება, ხოლო საბურთალოს რაიონში ზონალური პარკირებისთვის დამატებითი ადგილები გამოიყოფა.
პირველი თებერვლიდან პარკირების არეალებში განთავსდება საინფორმაციო ჯიხურები, სადაც მოქალაქეები კონსულტაციის მიღებასა და უფასო პარკირებით სარგებლობისთვის რეგისტრაციის გავლას შეძლებენ.
ზონალური პარკირების სივრციდან 100 მეტრის რადიუსში მცხოვრებ მოქალაქეებს, ან იმ პირებს, რომლებსაც ამ ტერიტორიაზე გააჩნიათ უძრავი ქონება, უფლება აქვთ ისარგებლონ უფასო პარკირებით, მათ მიერ გათვალისწინებულ ორ სატრანსპორტო საშუალებაზე.
პარკირების საფასური საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ გაჩერებულ საშუალებას, ელექტრომობილების მფლობელებსა და შშმ. პირებისთვის განკუთვნილ საპარკირე სივრცეს არ შეეხება. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, პარკირება ერთი საათის განმავლობაში 1 ლარი ეღირება. ხოლო, პარკირების პირველი 15 წუთი უფასო იქნება.
მაცხოვრებლებმა ან უძრავი ქონების მფლობელებმა უფასო პარკირებისთვის რეგისტრაცია უნდა გაიარონ საიტზე: tp.ge , სადაც ID ბარათით რეგისტრაციის შემდეგ აღენიშნება მის საკუთრებაში მყოფი უძრავი ქონება და მისი საკადასტრო კოდი.
ზონალური პარკირების სარგებლობისთვის სხვა მოქალაქეებმა უნდა ჩამოტვირთონ მობილური აპლიკაცია “Tbilisi Parking” Play store ან Apple store-ის დახმარებით და გაიარონ რეგისტრაცია/ავტორიზაცია და ელექტრონული გადახდის მეთოდით ისარგებლონ ფასიანი ავტოსადგომით.