„ვირლანდია“ – სახედრების პირველი ფერმა საქართველოში რძეს სამკურნალო და კოსმეტიკური დანიშნულებით აწარმოებს. პროდუქტი ძირითადად სოციალური ქსელის მეშვეობით იყიდება. როგორც ფერმის ხელმძღვანელი თორნიკე ტეფნაძე ,,კომერსანტთან“ ამბობს, სახედრები იკვებებიან მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი საკვებით, რაც იმის გარანტიაა, რომ აწარმოონ 100%-ით ნატურალური პროდუქტი.
ვირის რძე და ყველი განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ფასითაც, 1 ლიტრი რძე 60 ლარად იყიდება, ხოლო 1 კგ. ყველის ფასი 1500 ლარს შეადგენს.
მაღალი ფასის მიუხედავად, ,,ვირლანდიის“ პროდუქტების მიმართ დიდი მოთხოვნაა, რასაც ფერმერი მის უნიკალურ თვისებებს მიაწერს და აღნიშნავს, რომ სამკურნალოდ, იმუნიტეტის გასაძლიერებლად და მრავალი სხვა დანიშნულებით ვირის რძე შეუცვლელი პროდუქტია, რომლის უნიკალურ თვისებებს მედიცინაც აღიარებს.
,,სახედრების ფერმის დაარსებამდე გავეცანით უცხოურს და ტრადიციულ ქართულ გამოცდილებას, საფუძვლიანად შევისწავლეთ ბაზარი. ცალკეული შემთხვევები მრავლადაა ხალხურ მედიცინაშიც, რასაც ამყარებს იმუნოლოგების, პედიატრების და სამედიცინო ექსპერტების კვლევები. პირველ რიგში, მთავარი გამორჩეული თვისება არის ის, რომ დედის რძესთან შესაძლებლობით ყველაზე ახლოს დგას, შეიცავს ანტიალერგიულ, ანტიმიკრობულ თვისებებს, D ვიტამინს. ნებისმიერი ადამიანისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რადგან მათში უფრო ხშირია რესპირატორული დაავადებები და სასუნთქი გზების ინფექციები. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ფასით გამოირჩევა, ვირის რძის მიმართ დიდი მოთხოვნაა. ინტერნეტით იყიდება ძირითადად, უფრო ბავშვებისთვის ყიდულობენ და მათთვის, ვისაც სუსტი იმუნიუტეტი აქვს. დიდი მოთხოვნაა ექსპორტზეც, თუმცა იმდენად მაღალ სტანდარტს მოითხოვს, რომ ჩვენი ფერმისთვის ჯერჯერობით მისი დაკმაყოფილება სიძნელეს წარმოადგენს, ამიტომ ადგილობრივ ბაზარზე ვართ ორიენტირებული“, — ამბობს თორნიკე ტეფნაძე ,,კომერსანტთან“.
მისივე თქმით, ფერმა 2016 წელს დაარსდა. ჰყავს 35 სახედარი და აქვს 40 ჰა ფართობის საძოვარი.
მაღალი ფასი განპირობებულია ვირის დაბალი წველადობით, რომელიც დღეში სულ რაღაც 200-300 გრამ რძეს იძლევა. ფერმა დღეში საშუალოდ, ზამთრის სეზონზე 5-6 ლიტრ რძეს აწარმოებს, ზაფხულში – 4-5-ჯერ მეტს.