დღეიდან GWP დისტანციურად იმუშავებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, დღეიდან, თბილისის სერვისცენტრებში დროებით ზღუდავს ვიზიტებს და მომხმარებლებს დისტანციურ რეჟიმში მოემსახურება.


„თბილისის სერვისცენტრებში ვიზიტის ნაცვლად, ნებისმიერი განცხადებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა შესაძლებელია კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე online@gwp.ge. განცხადების დარეგისტრირებისა და პროცესის დასრულების შემდეგ, მომხმარებელი პასუხს ასევე ელექტრონული ფოსტით მიიღებს. არსებულ ვითარებაში, GWP მოუწოდებს მომხმარებლებს, მაქსიმალურად ისარგებლონ დისტანციური მომსახურების სერვისით. აუცილებლობის შემთხვევაში, მომსახურების მისაღებად ადგილზე ვიზიტი შესაძლებელია მცხეთაში აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სერვისცენტრში და ასევე, რუსთავის წყლის მომხმარებლებისთვის – ქალაქ რუსთავში, წმინდა ნინოს ქუჩა N5- ში მდებარე სერვისცენტრში“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.


დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ვებგვერდზე www.gwp.ge, დამატებითი ინფორმაციის მიღება კი შესაძლებელია ცხელ ხაზზე – 2 931111.