დღეიდან კოვიდპაციენტების შინ მკურნალობას ოჯახის ექიმები უზრუნველყოფენ.
სახლში სამკურნალოდ ოჯახის ექიმებმა გადამზადება გაიარეს და პირველი თებერვლიდან ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, თავისი ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყოს.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ეს ცვლილება შეამსუბუქებს თითოეული ოჯახის ექიმის დატვირთვას. ცვლილება ხელსაყრელი იქნება პაციენტებისთვისაც, რომლებიც რჩევებს მათი ნაცნობი ექიმებისგან მიიღებენ.
„დღეიდან ამოქმდედება მოდელი, რომელიც ითვალისწინებს ოჯახის ექიმთან რეგისტრირებული პაციენტების მართვას, თავისივე ოჯახის ექიმის მიერ. აქამდეც, ოჯახის ექიმები მართავდნენ პაციენტებს ბინაზე, თუმცა ნოემბერი-დეკემბერი დავუთმეთ იმას, რომ ყველა ოჯახის ექიმი გადამზადდა კოვიდის ბინაზე მართვის საკითხებში და უკვე მათ შეუძლიათ თავადვე მართონ თავინთი პაციენტი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.