საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ იოსელიანმა, 29 იანვარს გახსნილ ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურზე, განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, ეს ნავსადგური უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის, რადგან შესაძლებელს გახდის ტვირთების გადმომისამართებას ჩვენს დერეფანში და გაზრდის სანავსადგურე ინფრასტრუქტურის სიმძლავრეებს.
„ახალი ნავსადგური დამატებით დაასაქმებს 200-მდე ადამიანს, შესაბამისად, ჩვენ ფოთის საზღვაო-სასწავლო ცენტრში ვმუშაობთ ახალი კურსების გახსნაზე, რომელიც ახლად გაჩენილ გამოწვევებს უპასუხებს საპორტე სექტორში”, – აღნიშნა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა.
ფოთის ახალი ნავსადგური საქართველოს საზღვაო სექტორში მიმდინარე პროექტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია და მისი ღირებულება 120 მილიონ დოლარს აღწევს.
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფინანსურმა კორპორაციამ (DFC) ნავსადგურის მშენებლობის პროექტი 50 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსა, რაც ამ ორგანიზაციის მიერ ერთ პროექტზე გამოყოფილი ყველაზე დიდი ინვესტიციაა რეგიონში.
ნავსადგურის მშენებლობის ფარგლებში განხორციელდა 93 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია, აშენდა მასშტაბური ჰიდროტექნიკური ნაგებობები და მოეწყო თანამედროვე საპორტე ინფრასტრუქტურა.
„პროექტის სრულად დასრულების შემდეგ საქართველოს ერთიანი სანავსადგურე ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობა 3.5 მილიონი ტონით გაიზრდება” – განაცხადა თამარ იოსელიანმა.