2 თებერვალს კახა კალაძემ უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. კალაძეს თქმით, მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მერად აირჩიეს, უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო და მის აღსაკვეთად მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა ღონისძიება გაატარა.
„უკანონო მშენებლობები ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა და დღესაც ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. მე არასდროს მითქვამს, რომ თბილისში უკანონო მშენებლობები არ იყო. პირიქით, ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს იყო პრობლემა და 2017 წელს, როდესაც თბილისის მოსახლეობამ ამირჩია დედაქალაქის მერად, ამის აღსაკვეთად დავიწყეთ ბრძოლა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძეს თქმით, შემოიღეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომებიც, რადგან ჯარიმების ზრდამ არ გაამართლა.
„ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, დავიწყეთ ჯარიმების გაზრდა და კატეგორიების მიხედვით, 8 000-დან 50 000 ლარამდე გავზარდეთ, თუმცა, პრაქტიკაში ვნახეთ, რომ საკმარისი არც ეს იყო. ამიტომაც უკანონო მშენებლობების შესაჩერებლად, საქართველოს პარლამენტის დახმარებით, შემოვიღეთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომები. ვფიქრობ, ამით ჩვენ უკანონო მშენებლობებს წინ აღვუდგებით და შევაჩერებთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.