სოფელ ალავერდში პრემიუმ კლასის სასტუმრო Alaverdi Resort აშენდება. სასტუმროს მშენებლობის დაწყების აღსანიშნად, სიმბოლური კაფსულა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელმა, გოგი სალაყაიამ ჩაუშვეს.
„ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელი ფაქტია, რომ მიუხედავად პანდემიით გამოწვეული მძიმე ვითარებისა, კახეთის რეგიონში მორიგი, ძალიან ღირებული ტურისტული ინფრასტრუქტურა შეიქმნება. ეს არის მაჩვენებელი იმისა, რომ ინვესტორებს, ბიზნესმენებს აქვთ სურვილი, დამატებითი ინვესტიციები განახორციელონ, თან ისეთ სფეროში, რომელიც ყველაზე მეტად დაზიანდა პანდემიის პირობებში. შესაბამისად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს ეს ინვესტიცია, რომელიც 2022 წლის დასაწყისში ხორციელდება და არის გამოხმაურება ეკონომიკის აღდგენის იმ ტემპის, რომელიც საქართველომ 2021 წელს აჩვენა. ეს არის დემონსტრაცია იმისა, რომ საქართველო ვითარდება; ვითარდება, ერთი მხრივ, იმ კუთხით, რომ იზრდება ეკონომიკა და, მეორე მხრივ, ვუფრთხილდებით ჩვენს ღირებულებებს, ტრადიციებსა და ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას. Alaverdi Resort იქნება ზუსტად ამის მაჩვენებელი. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი კახეთის რეგიონში და განვითარების დამატებით მუხტს შემოიტანს რეგიონში“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიუმ კლასის სასტუმროს Alaverdi Resort ასაშენებლად კომპანია „ბადაგონი“ 14 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს. 32-ნომრიანი სასტუმრო წელიწადში 8-10 ათასი ვიზიტორის მიღებას გეგმავს. Alaverdi Resort-ში 80 ადამიანი დასაქმდება, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლე იქნება. სასტუმროს გახსნა 2023 წლის სექტემბერშია დაგეგმილი.