სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელბული ინფორმაციის მიხედვით, ინსპექტორების ჯგუფებმა ლილოს დასახლებაში, იგორ ტყემელაძის 14ა ნომერში, გამოავლინეს ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი კუსტარულად მოწყობილი საწარმო, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს გვერდის ავლით საქმიანობდა.
„საწარმოში გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ნახევარ ტონამდე ხორცი, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, ეტიკეტირების წესის დარღვევა. ბიზნესოპერატორი ფუნქციონირებდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე.
სახეობრივი კვლევის მიზნით (ცხენისა და ვირის იდენტიფიკაცია), აღებულია ნიმუშები, რომლებიც ლაბორატორიული კვლევისთვის გაიგზავნება აკრედიტებულ ლაბორატორიაში (სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია)“, – აცხადებენ უწყებაში.
ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი, დალუქული ხორცი კი განადგურდება სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით.
„სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურად ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული მომხმარებელთა ჯანმრთელობა და უფლებები“, – აცხადებენ სააგენტოში.