ახალციხეში, 19 წლის ჯარისკაცის, სარგის სააკიანის გარდაცვალებას ოჯახი ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლის ექიმებს და სამხედრო ბაზის ადმინისტრაციას აბრალებს.
ჯარში წასვლამდე გარდაცვლილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონდა, ამიტომ რა გახდა სასწრაფო ოპერაციის ჩატარების მიზეზი, ოჯახისთვის უცნობია. ბიჭს ისე გაუკეთეს ოპერაცია, რომ ოჯახს არ შეატყობინეს. 4 დღიანი დაყოვნების შემდეგ პაციენტი სახლში გაწერეს.
ბაზაზე დაბრუნებული სარგის სააკიანი დაბრუნებისთანავე გარდაიცვალა.ოჯახი აპირებს ორივე დაწესებულებას სასამართლოში უჩივლოს.
გარდაცვალების მიზეზების დამდგენი ექსპერტიზა გუშინ დასრულდა. ახალქალაქის რეფერალური ჰოსპიტლის ხელმძღვანელის ალექსანდრ თორიოიანის განცხადებით, პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში ჯარის მანქანით უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს.
სასამართლო ექსპერტის, დავით მერაბიშვილის განცხადებით, ახალგაზრდის დაღუპვა ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიამ გამოიწვია.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში მცხოვრები 19 წლის ახალგაზრდა 2021 წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა. იგი ახალქალაქში, უფროს სერჟანტ, ზაზა ფერაძის საწყის საბრძოლო მომზადების ცენტრში მსახურობდა.