,,ტულუზის დეკლარაცია“ 2050 წლისთვის საავიაციო სფეროში ნულოვან ემისიასა და დეკარბონიზაციას ისახავს მიზნად, მას ბრიუსელში, 6 თებერვალს, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიც შეურთდნენ.
,,ტულუზის დეკლარაციით“ წლის მეორე ნახევარში დაგეგმილია ICAO-ს მიერ სპეციალური პაქტის შემუშავება, რომელიც საერთაშორისო ავიაციაში CO2-ის გაფრქვევას შეამცირებს.
ამ დეკლარაციით პირველად აღინიშნა ის ფაქტი, რომ ევროპის ქვეყნები, ევროკომისია, საავიაციო სფეროს მთავარი გაერთიანებები და სხვა ძირითადი დაინტერესებული მხარეები ოფიციალურად უერთდებიან ავიაციის დეკარბონიზაციას.
„თითოეული აეროპორტი, რომელიც ხელს აწერს ამ დეკლარაციას, საგრძნობლად ცვლის ჩვენს მომავალს, ინდუსტრიას, ეკონომიკას და საზოგადოებას. ისინი კვლავაც გვიჩვენებენ თავიანთ ამბიციებს, ხედვებს და დაუღალავი ქმედებების ბრწყინვალე შედეგებს. აღფრთოვანებული ვარ და აღტაცებას გამოვხატავ თითოეული მათგანით“, – აცხადებს ACI EUROPE-ის გენერალური დირექტორი ოლივიე იანკოვეცი.
დღეისათვის ევროპის 200-მდე, ხოლო მსოფლიოს 400 აეროპორტი უკვე სერტიფიცირებულია აეროპორტების ნახშირბადის აკრედიტაციის პროგრამაში.