თბილისში 46 ოჯახს ბინები გადაეცა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ თბილისში, ახალაშენებულ კორპუსში იძულებით გადაადგილებულ 46 ოჯახს ბინები გადასცა.


ბინები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი ფართები ყოფილ სანატორიუმ „ქართლსა“ და „ოქროს საწმისში“ მცხოვრებმა დევნილმა ოჯახებმა მიიღეს.


როგორც აღნიშნავენ, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი პირობების შექმნა სააგენტოს უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. გაცემული დაპირების შესაბამისად, გასულ კვირას, ყოფილ სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრები 16 ოჯახი განსახლდა. ამ ეტაპზე კი, ბინა 17-მა ოჯახმა მიიღო. 2022 წელს, ეტაპობრივად, „ქართლში“ მცხოვრები ყველა დევნილი სათანადო საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება.


დევნილთა განსახლების პროცესი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს. 2022-2024 წლებში საცხოვრებელს, იძულებით გადაადგილებული 13 000 ოჯახი მიიღებს.