მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა გია კავკასიძემ, „იმედის დღეში“ სტუმრობისას, PCR ტესტებზე ისაუბრა. მან განმარტა, რომ შესაძლოა პაციენტი იყოს კოვიდდადებითი, მაგრამ PCR -მა აჩვენოს უარყოფითი. მიზეზი ომიკრონია, რადგან ახალმა შტამმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
„სწრაფი ტესტი ძალიან კარგია „წითელი ბარათის“ საჩვენებლად – თუ ის დაადასტურებს ინფექციას, ე.ი. იქ არის ინფექცია, მაგრამ თუ არ დაადასტურა, ეს არ ნიშნავს, რომ არ არის. ძალიან მცირეა იმის შანსი, სწრაფი ტესტის გაკეთებისას, დადებითი პასუხი სიმართლე არ იყოს. ამის შესახებ კვლევა შარშან, სექტემბერში ჩატარდა. მაშინ, „ომიკრონს“ ჯერ კიდევ არ ჰქონდა ფეხი მოკიდებული. ამ შტამმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
„ომიკრონი“ რომ შევადაროთ პირველ, ჩინურ შტამს, რომელზეცაა აგებული თითქმის ყველა კომერციული ტესტი. იმ შტამთან შედარებით, „ომიკრონს“ 50-ზე მეტი ცვლილება, ანუ მუტაცია აქვს. ეს მუტაციები არის ყველა ცილაში. იმის მიუხედავად, თუ რომელი ცილის აღმოსაჩენად შეიქმნა ესა თუ ის ტესტი თავის დროზე, ახლა ეს სამიზნეები აირია და შეიცვალა.
ამიტომაა, რომ PCR-იც კი, შეიძლება, შეცდეს, მაგრამ ამის ძალიან მცირე შანსია. რა არის ძირითადი მიზეზი, როდესაც PCR-ი ცდომილებას იძლევა? ვგულისხმობ შემთხვევას, როდესაც ადამიანს კოვიდი აქვს და PCR-მა არ აჩვენა… ცდომილების ყველაზე დიდი მიზეზი არის ნაცხის აღების ტექნიკა“,- განაცხადა გია კავკასიძემ.
ექიმები დაცვის საუკეთესო საშუალებად კვლავაც ვაქცინაციას განიხილავენ და მიუხედავად იმისა, რომ PCR ტესტიც კი ცდება, ამ ეტაპზე უკეთესი გამოსაკვლევი საშუალება არ არსებობს.