რუსთავის ბიუჯეტი 7 მილიონი ლარით იზრდება. ამის შესახებ ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ, ჟურნალისტებთან საუბარისას განაცხადა. აღნიშნული თანხით განსახორციელებელი პროექტების დამტკიცებილად, რუსთავის მერიამ საკრებულოს უკვე მიმართა.
„რუსთავის ბიუჯეტი 7 მილიონი ლარით იზრდება. ჩვენ შევიტანეთ საკრებულოში იმ პროექტების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელებასაც შევძლებთ. ძირითადი თანხა მიმართულია ავარიული შენობების გამაგრებაზე, ასევე საბავშვო ბაღების რეაბილიტაციაზე. თითოეული პროექტი, რომლის განხორციელებაც ამ 7 მილიონი ლარით არის ბიუჯეტით გათვალისწინებული, მოსახლეობის მოთხოვნაა. ჩვენ გვაქვს დოკუმენტები, რომლებშიც მოსახლეობა ხელმოწერებით ითხოვს აღნიშნული პროექტების განხორციელებას. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რუსთავის საკრებულო მიიღებს გადაწყვეტილებას და საშუალებას მოგვცემს დავიწყოთ ამ პროექტების განხორციელება“, – განაცხადა ლაცაბიძემ.
ნინო ლაცაბიძემ იმედი გამოთქვა, რომ საკრებულო წარდგენილ პროექტებს დროულად დაამტკიცებს და უახლოეს პერიოდში დაიწყება მათი განხორციელება.