კოვიდტესტირების ჩატარება სკოლის ექიმებმა დაიწყეს

400-ზე მეტ საჯარო და კერძო სკოლაში თანამშრომლებისთვის კოვიდტესტირების ჩატარება სკოლის ექიმებმა დაიწყეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, სკოლის ექიმები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა გადაამზადეს.


მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ მახარაშვილი პირადად გაეცნო სკოლის ექიმების მიერ მასწავლებელთა ტესტირების პროცესს და აღნიშნა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მაქსიმალურად უზრუნველყოფს სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნას.


იმ სკოლებში, სადაც ექიმები ჯერ არ გადამზადებულან, ტესტირების პროცესი კვლავ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გრძელდება.


შეგახსენებთ, რომ ორჯერადად აცრილი ან კოვიდგადატანილი მასწავლებლები კორონავირუსზე ორ კვირაში ერთხელ PCR ტესტით მოწმდებიან, ერთჯერადად აცრილი ან აუცრელი მასწავლებლები კი – კვირაში ერთხელ სწრაფი ანტიგენ-ტესტით.


ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით, 2085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან, სრულად დისტანციურ სწავლებაზე 672 სკოლა იმყოფება. რაც შეეხება პედაგოგებს, სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი რისკის ჯგუფის 146-მა მასწავლებელმა გამოთქვა.


ბოლო კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით კორონავირუსი მასწავლებელთა 5,8%-ს და მოსწავლეების 2,1%-ს დაუდასტურდა. ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%.