ახალი კომპიუტერული თამაში “დიდგორი” იქმნება

8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით კომპიუტერული თამაშის “დიდგორის” თრეილერის პრეზენტაცია შედგა.


კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია „სილესტიალ დიმენშენი“ გახდა.


საქართველოში პირველად აფინანსებს სახელმწიფო კომპიუტერული თამაშის შექმნას. კულტურის სამინისტრომ მოცემული კონკურსი დიდგორის ბრძოლიდან 900 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოაცხადა. პროექტის პირველი ეტაპის რელიზი მაისის დასაწყისში იგეგმება. სტრატეგიული თამაშის მეშვეობით მოხდა ბრძოლის მაქსიმალურად რეალისტური სურათის აღდგენა. თამაშის მექანიკა აგებულია ტაქტიკური სტრატეგიის პრინციპზე (მოთამაშის მიერ ბრძოლის იზომეტრიულ ხედვაზე). მეომრების აღჭურვილობა და ანიმაციურ ვიდეორგოლებში გადმოცემული ეპოქალური მოვლენები მაქსიმალურად ავთენტურია, ხოლო ილეთები დაეფუძნა ქართული საბრძოლო ხელოვნების ელემენტებს.


კომპიუტერული თამაშის შექმნის პროცესში პროექტის გუნდს კონსულტაციას ისტორიკოსი, დავითის პერიოდის მკვლევარი, მიხეილ ბახტაძე უწევდა.


სამინისტრომ გაითვალისწინა 21-ე საუკუნის ახალგაზრდების მზარდი ინტერესი ციფრული მედიის მიმართ და სწორედ ამის საფუძველზე გადაწყდა ისეთი პროექტის შექმნა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით გააცოცხლებს ისტორიულ თარიღს და გაზრდის მის პოპულარიზაციას ახალგაზრდა თაობებში.