2023 წლიდან თამბაქოს სტანდარტიზებული შეფუთვა ექნება, ამის შესახებ ნორმატიული აქტის შემუშავების საკითხი დღეს ჯანდაცვისა და სოციალურ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით გამართულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ აღნიშნა, თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაცია 2023 წლის პირველი იანვრიდან უნდა აიკრძალოს.
გაბუნიას განცხადებით, ტექნიკური რეგლამენტის პროექტზე მუშაობის პროცესი ფაქტობრივად დასრულებულია, თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაციის აკრძალვა სრულ შესაბამისობაშია თამბაქოს კონტროლის კონვენციის მოთხოვნებთან. შემოთავაზებული პროექტი შესაბამისობაშია ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთანაც.
აქცენტი კეთდება თამბაქოს ნაწარმისადმი მიმზიდველობის შემცირებაზე, თამბაქოს შეფუთვის საშუალებით რეკლამირების და პოპულარიზაციის შემთხვევების აღმოფხვრაზე, მომხმარებელში იმგვარი შთაბეჭდილების შექმნის თავიდან არიდებაზე, თითქოს თამბაქოს რომელიმე პროდუქტი სხვა პროდუქტზე ნაკლებად მავნებელია და ნაწარმის შეფუთვაზე დატანილი სამედიცინო გაფრთხილებების შემჩნევადობის, მისი ეფექტიანობის გაძლიერებაზე.
„მოლოდინი გვაქვს, რომ ამ ტიპის ცვლილებები გამოიწვევს მწეველობის მაჩვენებლების შემცირების ხელშეწყობას და ეს, რა თქმა უნდა, თავის მხრივ დადებითად აისახება საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმ დიდ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენს წინაშე დგას“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.