Meta: ,,ევროპიდან გასვლით არავის დავმუქრებივართ“

Meta Europe-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მარკუს რაინიშმა გასულ კვირას მსოფლიო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს მონაცემთა დაცვის ახალი რეგულაციების გამო, Meta ევროპის ბაზარს დატოვებდა და ევროპაში Facebook-ის, Instagram-ისა და სხვა პლატფორმების ფუნქციონირება შეწყდებოდა, განცხადება გააკეთა.


მისი თქმით, Meta-ს ბაზრიდან გასვლით ევროპა არ დაუშინებია, თუმცა ამერიკასა და ევროკავშირს შორის მონაცემთა ტრანსფერთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები რისიკის წინაშე მხოლოდ მათ კი არა , სხვადასხვა ინდუსტრიის სულ მცირე 70 კომპანიას აყენებს.

„პრესაში წერდნენ, თითქოს ევროკავშირსა და აშშ-ს შორის მონაცემთა ტრანსფერის მექანიზმების გამო, ევროპის ბაზრიდან გასვლით ვიმუქრებოდით – ეს სიმართლე არ არის“, – ვკითხულობთ Meta-ს მიერ გამოქვეყნებულ ბლოგში.

Meta ევროკავშირის პოზიციას იზიარებს და სურს, ევროკავშირის მოქალაქეების პირადი მონაცემები კარგად იყოს დაცული. თუმცა აღნიშნავს, რომ მონაცემების საერთაშორისო მიმოცვლა გლობალური ეკონომიკის ერთ-ერთი დასაყრდენია, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ სერვისებისთვის, ყოველდღიურად რომ ვიყენებთ.


„უამრავი წლის განმავლობაში, სამართლებრივმა ჩარჩომ, რომელიც მონაცემების ტრანსატლანტიკურ მიმოცვლას არეგულირებს, არაერთი საფუძვლიანი ცვლილება განიცადა… გვსურს, ევროკავშირის მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებები დაცული იყოს, მაგრამ ამასთანავე გვინდა, რომ ინტერნეტმა ფუნქციონირება ისე გააგრძელოს, როგორც ეს თავიდანვე იყო გამიზნული: შესაბამისი კანონების გათვალისწინებით და დაბრკოლებების გარეშე – ეროვნული საზღვრების მიღმა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიასა და ევროპელ ბიუროკრატებს შორის გამართული ამ ბრძოლის ესკალაცია არავის აწყობს. მხარეები იმედოვნებენ, რომ დროთა განმავლობაში, ეს საკითხი დასტაბილურდება და იმგვარ სამართლებრივ ჩარჩოზე შეთანხმდებიან, რომელიც ყველასათვის მისაღები იქნება.