თბილისის მერიამ სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია“ ვერის პარკის საპროექტო სამუშაოების პირველი ეტაპის საჯარო განხილვა გამართა.
ღონისძიება სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერშიც გადაიცემოდა და განხილვაში მონაწილეობა დაინტერესებულ პირებს ონლაინ რეჟიმშიც შეეძლოთ.
ვერის პარკის საპროექტო სამუშაოებს, თბილისის მერიის ინიციატივით და აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, კომპანია ,,ატელიე არქიტექტს“ ახორციელებს.
პირველი ეტაპი კვლევითი სამუშაოების განხორციელებას და დიზაინის კონცეფციის შემუშავებას მოიცავდა.
ღონისძიებაზე ვერის პარკის რეაბილიტაციის საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ვახტანგ კასრელიშვილმა და პროექტის მთავარმა არქიტექტორმა, რატი ჩომახიძემ დამსწრე საზოგადოებას პროექტი დეტალურად გააცნეს.
საჯარო განხილვა მოიცავდა დისკუსიასაც. მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ პროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები დაეფიქსირებინათ. ღონისძიების მონაწილეებმა სამუშაოებში ჩართული ექსპერტების და სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებიც განიხილეს და პროექტში პრიორიტეტული მიმართულებების ასახვაზე იმსჯელეს.
ვერის პარკის რეაბილიტაციის პროექტი სამ ეტაპად შემუშავდება. პირველი ეტაპი – კვლევითი სამუშაოების განხორციელებას და დიზაინის კონცეფციის დაგეგმვას ითვალისწინებს, მეორე ეტაპი – არქიტექტურული პროექტის შემუშავებას, ხოლო მესამე ეტაპი – დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას.
საჯარო განხილვების ჩატარება პროექტის ყოველი ეტაპის დასრულების შემდეგ არის დაგეგმილი.