რა შედეგები მოჰყვა მიწისძვრას დმანისში

ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში 13 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად, დმანისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს დროებით შეუწყდა ელექტრომომარაგება და სოფელ შახმარლოში ჩამოინდგრა შაბან კოჯაევის საცხოვრებელი სახლის კედელი.


შახმარლოში იმყოფებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, რომლის თქმითაც, სახლის მდგრადობას და მიყენებულ ზარალს კომისია შეისწავლის, რის შემდეგაც ოჯახს ზარალი აუნაზღაურდება.


„თბილისის დროით დაახლოებით 22:25 საათზე დმანისის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა ძლიერი მიწისძვრა. როგორც სეისმოლოგიის ცენტრმა გვაცნობა, დაახლოებით 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა იყო. ამ ეტაპზე რაც დავაფიქსირეთ, ეს არის დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ შახმარლოში, შაბან კოჯაევის ოჯახში, სადაც საცხოვრებელი სახლის კედლის ნგრევა მოხდა. შევისწავლეთ სახლის ამჟამინდელი მდგრადობა, შექმნილია შესაბამისი კომისია და ზარალს აუცილებლად ავუნაზღაურებთ“, – განაცხადა კობა მურადაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ 13 თებერვალს, თბილისის დროით 22:25 საათზე საქართველოში 6.2 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო.