მთავრობის სტრატკომის დეპარტამენტის უფროსის, ნინო გიორგობიანის თქმით, პრემიერ- მინისტრის განცხადება იყო კონტექსტიდან ამოგლეჯილი და საზოგადოებამ იგი არასწორედ გაიგო.
გიორგობიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ღარიბაშვილის განცხადების განსამარტად, სადაც ამბობს, რომ პრემიერი ყველაფერს აკეთებს ვაქცინაციის წასახალისებლად და იგი აცრის საწინააღმდეგოდ არაფერს იტყოდა.
,,ვაქცინაციასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე დაიწყო სრულიად უსაგნო და უსაფუძვლო სპეკულაცია;
განცხადება ამოგლეჯილია კონტექსტიდან, კერძოდ, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ როგორც ცნობილია, ვაქცინა არის არა ვირუსის შეხვედრისგან თავდაცვის, არამედ მისი გართულების თავიდან აცილების საშუალება და მან პირადი მაგალითიც დაასახელა, რამდენად მარტივად გადაიტანა „ომიკრონი“, ვინაიდან იყო სრულად ვაქცინირებული „ფაიზერით“ .
ეს განცხადება გაკეთებული იყო მწვანე პასპორტების გაუქმების კონტექსტში, ვინაიდან ახალი რეალობის გათვალისწინებით, რამდენადაც ვაქცინა არ არის იმის გარანტი, რომ „ომიკრონი“ არ შეგვხვდება, მწვანე პასპორტების მუშაობა აზრს კარგავს.
პარალელურად, მოგეხსენებათ, რომ გრძელდება ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიები და სახელმწიფო მაქსიმალურად ახალისებს ვაქცინაციას რისკჯგუფებში, კერძოდ, 50 წელს გადაცილებული ადამიანები აცრისას იღებენ 200 ლარს, ხოლო ე.წ ბუსტერ დოზის შემთხვევაში, დამატებით 100 ლარს.
ამას გარდა პრემიერი ორჯერადად არის აცრილი და შეგახსნებთ, რომ მილიონობით დოზა სხვადასხვა ვაქცინა სწორედ მისი პრემიერობის დროს შემოვიდა ქვეყანაში. – წერს ნინო გიორგობიანი.