ინფექციონისტი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმიანება

მაია ბუწაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ რაც შეიძლება ფრთხილები უნდა ვიყოთ მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთებისას.


მისი თქმით, არ არის გამართლებული პრემიერმა თქვა, რომ ვაქცინაცია „ომიკრონისგან“ არ გვიცავს, ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის ჯერ კიდევ დიდი ნაწილი აუცრელია.

„შესაძლებელია, რომ აცრილები მართლაც ინფიცირდებიან და ეს ფაქტია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ბევრად უფრო მარტივად გადააქვთ ვირუსი აცრილებს. შესაბამისად, ვაქცინის ის მიზანი, რომ გადაარჩინოს რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე, მკაფიოდ და აშკარად შესრულებულია, ამიტომ ჩვენ რაც შეიძლება ფრთხილები უნდა ვიყოთ მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთებისას.

დიდი სკეპტიციზმია ვაქცინის მიმართ, საკმაოდ დიდი რაოდენობა გვყავს აუცრელი, გარდაცვალების შემთხვევებიც მრავლად არის ისევ, სამწუხაროდ“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

მისი თქმით, ვაქცინაცია აუცილებელია, ისევე როგორც რეგულაციების დაცვა, პირბადის ტარება და სოციალური დისტანცია.