ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქოლ-ცენტრების მუშაობის გასაკონტროლებლად და დასარეგულირებლად, ფინანსთა სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფი ჩარჩო დოკუმენტზე მუშაობს. მანვე აღნიშნა, რომ დარეგულირდება ყველა ის მიმართულება, რომლებსაც შესაძლოა, გარკვეულ არაკანონიერ საქმიანობასთან ჰქონდეს კავშირი.
მისი თქმით , ეს დაეხმარება საგამოძიებო სამსახურებს, მომავალში დროულად გამოავლინონ არაკანონიერი ფაქტები და სახელმწიფოს მხრიდან სწრაფად მოხდეს მათზე რეაგირება.
„ქოლ-ცენტრები საქართველოშიც არსებობს, ისევე, როგორც მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ ეს ბიზნესი ლეგალურ ჩარჩოში იყოს მოქცეული. აქვე უნდა ითქვას, რომ ქოლ-ცენტრებთან მიმართებით, არის კარგი პერსპექტივა და პრაქტიკა. ქვეყანაში მუშაობს რამდენიმე კომპანია, რომელიც წარმატებით ემსახურება საერთაშორისო დამკვეთს. ამასთან ერთად, გამოვლენილია გარკვეული ფაქტები, რის შესახებაც საქართველოს პროკურატურამ გააკეთა განცხადება. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობით, მსგავსი ტიპის ფაქტები მომავალშიც იქნება აღკვეთილი. რაც შეეხება სამუშაო პროცესს, რომელშიც ფინანსთა სამინისტროც იქნება ჩართული – ეს იქნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ჩარჩო დოკუმენტის შექმნაზე, რათა მაქსიმალურად მოხდეს აღნიშნული სფეროს რეგულირება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ე.წ. ქოლ-ცენტრების საკითხი სპეკულაციის საგანია და ეს უნდა აღმოიფხვრას. მან ფინანსთა მინისტრს საგამოძიებო ჯგუფის შექმნა და საკითხის შესწავლა დაავალა.