“ხიდის” წარმომადგენლის, სოფო ებრალიძის თქმით, მარტიდან ღონისძიებები ჩატარდება, რადგან მათთვის მისაღებია 60%-იანი დათქმით მუშაობის გაგრძელება, თუმცა “ხიდი” სტუმრებს ქვეყანაში გაუქმებულ “მწვანე პასპორტს” მაინც მოსთხოვს.
“არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე ეს მოთხოვნა – 60%-იანი დატვირთვით მუშაობა- რელევანტურია და როგორც კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდება, ეს რეგულაციაც დიდი ალბათობით მოიხსნება. ჩვენი მხრიდან ვინარჩუნებთ “მწვანე პასპორტის” მოთხოვნას და დავაკვირდებით შემდეგი ორი კვირა მოვლენები როგორ განვითარდება. ამ ნაწილში სტუმრებს ვთხოვთ აცრას, ან ბოლო 6 თვეში გადატანილი ვირუსის დოკუმენტს და ბოლო 48 საათში ჩატარებულ PCR ტესტს. 5 მარტს უკვე ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი”, – ამბობს ებრალიძე.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, კლუბები მუშაობას 5 მარტიდან განაახლებენ, თუმცა სტუმრების რიცხვი შესაძლო მაქსიმალური ოდენობის 60%-ს არ უნდა აჭარბებდეს.
“როგორც ცნობილია, ომიკრონის შტამის გავრცელების პიკი დაღმავალ ფაზაში გადავიდა, შესაბამისად, მარტიდან ვითარების დასტაბილურების გათვალისწინებით ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენა შესაძლებლად ჩაითვალა”,- აღნიშნულია მთავრობის ადამინისტრაციის მიერ გავცელებულ განცხადებაში.