გელოვანზე “დაკიდული ხიდის” 5 წლის პროექტი

“ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა 2017 წელს თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო. 2019 წელს, უკვე თბილისის მერმა კალაძემ თქვა, რომ ეს კვანძი ქალაქისთვის მნიშვნელოვანია და გამოცხადდა ტენდერიც, რომლის ღირებულებაც 21 მლნ ლარი იყო, თუმცა საბოლოოდ პროექტი პანდემიის გამო შეჩერდა

პროექტი კახა კალაძის 2021 წლის წინასაარჩევნო დაპირებებში ისევ მოხვდა, თუმცა კვლავაც არ ვიცით როდის დაიწყებს თბილისის მერია მის განხორციელებას. მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი ამბობს, რომ პროექტი პრიორიტეტებშია და როგორც კი მისთვის საჭირო ფინანსებს მოიძიებენ, ის განახლდება.

“ძირითადი მიზეზი, რის გამოც ამ პროექტის გაჩერება მოხდა, პანდემია იყო. პროექტზე გამოყოფილი თანხების სხვა საქმეებზე მიმართვა მოხდა. სრული საპროექტო დოკუმენტაცია მზად გვაქვს და გიდასტურებთ, რომ თბილისის მერიისთვის ეს დღესაც ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტია. როგორც კი ამისთვის საჭირო ფინანსები იქნება, დავიწყებთ სამუშაოებს”, – აცხადებს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი.