ენერგოომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა ელექტროენერგიის გაზრდილ გადასახადსა და “თელმიკოს” ქვითრებზე საუბრისას განაცხადა, რომ „ისტერია“ ორი ქვითრის თემიდან დაიწყო, რა დროსაც მომხმარებელმა დეკემბრისა და იანვრის თვეებში ერთი ქვითრის ნაცვლად ერთდროულად ორი მიიღო.
მისივე თქმით, რადგან აღრიცხვიანობის სისტემა ნორმატიული აქტის შესაბამისად ძირეულად შეიცვალა, აღნიშნული ფაქტი მოულოდნელი მათთვის არ იყო.
„მოგეხსენებათ ელექტროენერგეტიკაში მოქმედებს სამსაფეხურიანი ტარიფი. ამ ტარიფების გაერთიანება რომ მოგვეხდინა იქნებოდ სრული დარღვევა, შესაბამისად კომპანიამ მოძებნა მხოლოდ ერთი გამოსავალი, რაც ორი ქვითრის თემას გულისხმობს. ქვითრებში ნამდვილად მომხმარებლის ხარჯი იყო ასახული, რომელსაც ვერსად გაექცეოდა, უბრალოდ ეს მხოლოდ ორ თვეზე გადანაწილებული არ უნდა ყოფილიყო. მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იყო არარეალურად მაღალი ხარჯები, ერთი ჩვეულებრივი საცხოვრებელი ფართისთვის 900 კილოვატ-საათის მოხმარება თვის განმავლობაში, ცოტა არარეალურია, ერთი შეფასებით მგონია, რომ აქ იყო ამონაწერში შეცდომები, მაგალითად 2-იანის მაგივრად 8-იანი , ან 3-იანის ნაცვლად 9-ნი და ასე შემდეგ…”, – განმარტა სალომე ვარდიაშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული კომპანიის მხრიდან სპეციალურად არ განხორციელებულა. უბრალოდ ადამიანური რესურსი სწორად არ იყო გათვლილი და თანამშრომლებმა სტრესულ გარემოში მუშაობის გამო შეცდომები დაუშვეს.
„უკვე შეიქმნა კომისია, რათა საბოლოოდ გამოირიცხოს ამგვარი პრობლემები და მოხდეს მათი პრევენცია. ხოლო ის რაც მოხდა, ამას ეშველება. უკვე დაწყებულია თანხების კორექტირება და ყველა მომხმარებელი, რომელმაც ზედმეტად ერთი თეთრიც კი გადაიხადა, უკან დაუბრუნდება და აისახება მათ ბალანსზე.“- განაცხადა ენერგოომბუდსმენმა.
შეგახსენებთ, რომ ელექტროენერგიის გადახდის ვადების ცვლილებასთან დაკავშირებით დეკემბერში მომხმარებელმა “თელმიკოს” ორი ქვითარი მიიღო, რასაც გაურკვევლობა მოჰყვა. კომპანიამ კი ქვითრებთან დაკავშირებით განმარტება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ორი ქვითარი დეკემბრის სრულ გადასახადს ასახავდა.