სერგეენკო სოც.დაუცველთა დასაქმების პროგრამაზე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ პლენარულ სხდომაზე, განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აქტიური დასაქმების პროგრამამ ყველაზე მეტი კითხვა და კომენტარი გამოიწვია.
მისი თქმით, ეს საკითხი გაუგებრად იყო ჩამოყალიბებული, რამაც საზოგადოებაში კითხვები გააჩინა.

„არ დაგიმალავთ, მეც გამიჩინა დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება, რადგანაც ეს თემა სინამდვილეში ბევრად უფრო მასშტაბური და ტევადია,“-აღნიშნა დავით სერგეენკომ.

„პირველი ნაბიჯი ამ მხრივ გადაიდგა 2019 წელს, როდესაც იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი მუშაობას დაიწყებდა და გაუჩნდებოდა შემოსავალი, აღარ მოეხსნებოდა სოციალური დახმარება, თუმცა ეს გრძელდებოდა 1+1 წელი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისი თქმით, დღემდე ამ შესაძლებლობით 3400-მა ადამიანმა ისარგებლა, რაც მისი შეფასებით, ძალიან კარგია, მაგრამ ცოტაა.

,,ახლა მთავრობა ამბობს ჩვენ დაგეხმარებით სამუშაო ადგილების მოძიებაში და ამაში ჩვენვე გადაგიხდით ფულსო, ამიტომ რა იგულისხმება ამ ყველაფერში საზოგადოებას გასაგებად უნდა მოეწოდოს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.