ჯანდაცვის სამინისტრო სოციალური შემწეობის მიმღებთა დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ თუ შემწეობის მიმღები პირი უარს ამბობს დასაქმებაზე ერთი წლის შემდეგ მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმდება. თუმცა ეს არ ეხებათ შშმ და ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მქონე პირებს
„გვინდა მეტი სიცხადე შევიტანოთ სოციალური შემწეობის მიმღები პირების დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმება სახელმწიფოს პრიორიტეტია. საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბურ პროგრამაში ჩართვა შშმ პირებისთვის არათუ შეზღუდული, არამედ წახალისებულიცაა. ისინი, პროგრამაში მონაწილეობის შემთხვევაში, ყველა ბენეფიტის მიღებას შეძლებენ.
აღსანიშნავია, რომ თუ შემწეობის მიმღები პირი უარს ამბობს დასაქმების შეთავაზებაზე, ერთი წლის შემდეგ მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმდება. თუმცა შშმ და ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მქონე პირები აღნიშნული დათქმისგან თავისუფლდებიან.
აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, მოქმედებს არაერთი პროგრამა, სადაც უპირატესი უფლებით სწორედ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები სარგებლობენ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მიეწოდებათ შემდეგი სერვისები:
მხარდაჭერითი დასაქმების მომსახურება;
დასაქმებულ შშმ პირთა შრომის ანაზღაურების სუბსიდირება;
შშმ პირებისთვის დაცული და ადაპტირებული სამუშაო ადგილების შექმნა;
შშმ პირების კვალიფიკაციის ამაღლება“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.