,,კიევის გამზირი” ,,მოსკოვის გამზირის” ნაცვლად?

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოდის ინიციატივით, რომ მოსკოვის გამზირს უკრაინის დედაქალაქის, კიევის სახელი დაერქვას.

ნაციონალური მოძრაობის სტრატეგიული განვითარების და რეფორმების მდივნის, ანა გოგოლაძეს თქმით, მიუღებელია, რომ თბილისში, ერთ-ერთ დიდ გამზირს ოკუპანტი სახელმწიფოს დედაქალაქის სახელწოდება ჰქონდეს.

“სირცხვილია, ერთსა და იმავე ქალაქში, ერთდროულად გვქონდეს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირების სახელობის ქუჩები და მათთან ერთად არსებობდეს ამ ომის გამომწვევი და განმახორციელებელი ქვეყნის დედაქალაქის სახელობის ქუჩა.
ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თბილისის საკრებულოში ინიციატივით შევდივართ, არსებულ გამზირს, ნაცვლად ოკუპანტი სახელმწიფოს დედაქალაქის სახელწოდებისა, მიენიჭოს უკრაინის დედაქალაქის, კიევის სახელი, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთგული მეგობრის, საზიარო ღირებულებების მქონე და სტრატეგიული პარტნიორის პატივსაცემად და მხარდასაჭერად”, – თქვა ანა გოგოლაძემ.

აღნიშნულ ინიციატივას დღესვე უპასუხა საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ზურაბ აბაშიძემ, რომელიც ამბობს, რომ კიევის ქუჩა თბილისში უკვე არსებობს.

„ნებისმიერ პროცედურას, რომელიც დაკავშირებულია ქუჩების სახელების ცვლილებასთან, განიხილავს საკრებულოს შესაბამისი კომისია, რომელიც ასეთ საკითხებზე მუშაობს. წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებებს სპონტანურად და ემოციებით. ქუჩის სახელის ცვლილება მხოლოდ პოლიტიკური თემა არ არის, ასეთ საკითხებს სჭირდება მთელი რიგი პროცედურების დაცვა, მოსახლეობასთან კომუნიკაციით და მათთან შეჯერებით. ჩვენ მზად ვართ მსჯელობისთვის და ამ საკითხის განხილვისთვის, მაგრამ არა პოპულიზმით და არა ემოციების ფონზე”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.