ტელეკომპანია პირველის დირექტორი, ვატო წერეთელი წერს, რომ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმეზე ტელეკომპანიამ დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე დაიქირავა, თუმცა გეჯაძეს მათთვის სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის შესახებ, რომელსაც ხელი მოაწერა, არ უცნობებია.
“ლექსოს საქმეში ექსპერტი გეჯაძე დაიქირავა ტვ პირველმა, ხელშეკრულება გააფორმა ტვ პირველთან. ბატონი გეჯაძე ახლა ამტკიცებს რომ 30 დეკემბერს ლექსოს სიკვდილის მიზეზებზე ხელი მოაწერა სახელმწიფო ექსპერტიზის (სამხარაულის) საბოლოო დასკვნას, თუმცა ეს დასკვნა დამკვეთს დაუმალა!!!
დასკვნას ხელი მოეწერა 30’ში, არ გვითხრა არც იმ დღეს არც, 3, 4, 5, 6 იანვარს. ამ ფურცლის არსებობის ამბავი გავიგეთ გუშინ სამთავრობო მედიის ვებ გვერდიდან. ჩვენთვის ჩვენივე დაქირავებულ ექსპერტს არ უცნობებია არც ექსპერტიზის დასრულების და არც დასკვნაზე ხელმოწერის შესახებ.
ეს ყველაფერი ბადებს გონივრულ ეჭვს რომ “დასკვნა” სასწრაფოდ შეთხზეს, უკანა თარიღით, მას შემდეგ, რაც იუნესკომ ლექსო მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა”. – წერს ვატო წერეთელი.
TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 2021 წლის 5 ივლისს ღირსების მარშის კონტრაქციაზე პუტინისტმა ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს დედამ გარდაცვლილი იპოვა. შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყება ამტკიცებს, რომ ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში ნარკოტიკი აღმოჩნდა და, შესაძლოა, ყოფილიყო ზედოზირება. ლაშქარავას გარდაცვალებას საზოგადოებრივი პროტესტი და აქციები მოჰყვა.