“მიშას სექტორი” პატრიოტი ადამიანების გაერთიანებას აანონსებს

საინიციატივო ჯგუფი “მიშას სექტორი” ქვეყნის მასშტაბით პატრიოტი ადამიანების გაერთიანებას, ხოლო თბილისში  დაუმორჩილებლობის ჯგუფების შექმნას აანონსებს.

საკუთარი გეგმების შესახებ “მიშას სექტორის” წარმომადგენლებმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გამართულ აქციაზე განაცხადეს. მათი თქმით, ბრძოლას მთელი ქვეყნის მასშტაბით გააგრძელებენ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.

“საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯამრთელობის მდგომარეობა არის გაურკვეველი,შესაბამისად ჩვენ “მიშას სექტორის” წარმომადგენლები არ ვაპირებთ გაჩერებას! კონსტიტუციის ფარგლებში მაქსიმალურად ბევრ ადამიანს ჩავრთავთ ამ ბრძოლაში! ჩვენ ვთვლით რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობს პრეზიდენტის ჯამრთელობის განადგურებას,რათა შემდეგ მისი სახელი და ის გაანადგუროს, როგორც პოლიტიკური ოპონენტი! ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს!”- განაცხადა მიშას სექტორის წარმომადგენელმა მანანა ანდღულაძემ.

„ვთავაზობთ ფართო გაერთიანებას იმ ადამიანებს, ვისაც ყველა კანონიერი ქმედების ფარგლებში რეჟიმის დამხობის სურვილი აქვს. რეგიონებში დავიწყებთ მოძრაობას თანამოაზრეებთან ერთად, რომელიც გაიშლება ქვეყნის მასშტაბით. უახლოეს დღეებში დედაქალაქში დაუმორჩილებლობის ჯგუფები შეიქმნება. ეს იქნება მრავალი ჯგუფი და საზოგადოებაც იხილავს, რამდენად ვართ ამისთვის მზად. ჩვენ ამისთვის მზად ვართ და ბოლომდე ვიბრძოლებთ”,- განაცხადა “მიშას სექტორის” წარმომადგენელმა ლევან მერებაშვილმა.