ღამის კლუბები ისევ იხურება

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ღამის კლუბები ისევ იხურება. ინფორმაციას ,,ბასიანი” და ,,ხიდი“ ,,ფეისბუქის” საკუთარ გვერდებზე ავრცელებენ.

,,ბასიანის” მიერ გამოქვეყნებულ მიმართვაში ნათქვამია, რომ BASSIANI/HOROOM-ის მიმდინარე კვირას დაგეგმილი 14-15 იანვრის საკლუბო ღამეები ამ ეტაპზე იქნება ბოლო წვეულებები, რომლებიც მათ სივრცეში გაიმართება.

,,სამწუხაროდ, შემდეგი პერიოდის განმავლობაში მოგვიწევს დაველოდოთ ქვეყანაში Covid-19-ის ახალი შტამის, “ომიკრონი” გავრცელების დინამიკას და მის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ, ქმედით საშუალებებს, რაც შესაძლებლობას მოგვცემს მომდევნო თვეების დაგეგმვის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის გათვალისწინებით მივიღოთ.“- აღნიშნულია ,,ბასიანის“ ფეისბუქმიმართვაში.

,,ხიდი” ხაზს უსვამს გადაწყვეტილების სიმძიმეზე და აღნიშნავს, რომ კლუბების დახურვა დიდ გავლენას იქონიებს ელექტრონული მუსიკის წამყვან არტისტებზე, სფეროს პროფესიონალებსა და რიგით თანამშრომლებზე, რომელთაც კვლავ გაურკვეველი დროით წაერთმევათ შემოსავალი და განვითარების საშუალება.

“ამაღამ კლუბში ”KHIDI” ზამთრის უკანასკნელი საკლუბო ღამე გაიმართება. ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, რომელშიც კლუბების წვლილი მინიმალურია, არ გვაძლევს თავაწეულად და სრულფასოვნად ფუნქციონირების საშუალებას. 22-თვიანი უმძიმესი პაუზის შემდეგ, მხოლოდ სამი კვირის მანძილზე შევძელით მუშაობა, ისიც უდიდესი წნეხის ფონზე. ამ სამი კვირის განმავლობაში ვიჩენდით მაღალ პასუხისმგებლობას და ზედმიწევნით ვიცავდით გამკაცრებულ კარის პოლიტიკას, კლუბის სტუმრებისთვის უსაფრთხო სივრცეში მოსახვედრად. ყველაფრის მიუხედავად, დანარჩენ კლუბებთან ერთად მივიღეთ უმძიმესი, დახურვის გადაწყვეტილება.”– წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 22-თვიანი პაუზის შემდეგ, კლუბები 3 კვირით გაიხსნა, 15 იანვრიდან კი კვლავ გაურკვეველი დროით დაიხურება.