სახელმწიფო დოშის დღე

დღეს 14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება, საქართველოს სახელმწიფო დროშა საქართველოს ეროვნული სიმბოლოა გერბთან და ჰიმნთან ერთად, ის შემოღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერის შემდეგ 2004 წლის 14 იანვრიდან.

საქართველოს დროშაზე მოცემული გამოსახულება, ვერცხლის (თეთრ) ფონზე ერთი სწორკუთხა ჯვარი, კუთხეებში ოთხი მცირე ჯვრით — ზოგადქრისტიანული სიმბოლოა, რომელიც მაცხოვარსა და ოთხ მახარობელს განასახიერებს. ეს ზოგადქრისტიანული სიმბოლო, როგორც ჰერალდიკური ნიშანი, პირველად 1099 წელს ჯვაროსან გოდფრუა ბუიონელის გერბზე დაფიქსირდა, ვინაიდან ამ პიროვნებამ მაცხოვრის საფლავის მცველის ტიტული მიიღო.

ამ პერიოდიდან ეს ჰერალდიკური ნიშანი მაცხოვრის საფლავს და ამავე დროს ქრისტიანობის ცენტრს, იერუსალიმს განასახიერებს. საქართველოს სახელმწიფო დროშა მუდმივად აღიმართება: საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს და სხვა ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოების ადმინისტრაციულ შენობებზე, აგრეთვე საზღვარგარეთ არსებული საქართველოს საელჩოებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე, საზღვაო გემებსა და საზღვაო მიმოსვლის სხვა საშუალებებზე, რომელთა მიწერის ადგილი საქართველოს ტერიტორიაა.