სინამდვილეში “რეალური პენსია” მცირდება“

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ, 2021 წლის 18 დეკემბერს ფეისბუქზე შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „დღეისათვის საბაზო პენსია არის 240 ლარი. 2022 წელს გაიზრდება 20 ლარით და გახდება 260 ლარი. წელს ინფლაცია იქნება 13 პროცენტი. პენსიამ რომ შეინარჩუნოს ამჟამინდელი მსყიდველობითუნარიანობა, უნდა გაზრდილიყო 33 ლარით. სინამდვილეში “რეალური პენსია” მცირდება“.

აღნიშნული პოსტით, რომან გოცირიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის – ირაკლი ღარიბაშვილის, პენსიის ზრდის შესახებ განცხადებებს გამოეხმაურა.

2022 წლისთვის, 70 წლამდე პირთა პენსია 8.3%-ით, ანუ 20 ლარით იზრდება და 260 ლარს შეადგენს. თუმცა ინფლაციის პროგნოზებიდან გამომდინარე, იმისთვის რომ 2022 წლის იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეალური პენსიის ზრდა დაფიქსირდეს, საბაზისო პენსია მინიმუმ 13%-ით – დაახლოებით 32 ლარით უნდა გაზრდილიყო.

მეორე მხრივ, ინფლაციის საშუალო წლიური მაჩვენებლების პროგნოზებიც, ნომინალური პენსიის ზრდას დაახლოებით 1 პროცენტული პუნქტით აღემატება.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, სახელმწიფო პენსიების შესახებ კანონში ცვლილებების შემდეგ, პენსიების გაანგარიშების წესში ცვლილება შევიდა. კერძოდ, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის, ანუ ე.წ საბაზო პენსიის შემთხვევაში, პენსიის მატება ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლით ხდება, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით.

აღნიშნულმა წესმა, უნდა უზრუნველყოს, რომ პენსიების ზრდა ინფლაციამ არ „შეჭამოს“, ინფლაციის გამოთვლა ბიუჯეტის კანონპროექტის წარდგენის პერიოდში ხდება.

2021 წლის მონაცემებით, 12 თვის საშუალო ინფლაცია 7,9%-ს შეადგენდა. თუმცა, არსებული პროგნოზებით, ინფლაცია მნიშვნელოვნად გაიზრდება. შესაბამისად, 2022 წლისთვის, ინფლაციის ინდექსირების წესი – რეალური პენსიის ზრდას ვერ უზრუნველყოფს, თუმცა მოსალოდნელია, რომ აღნიშნული კლება შემდგომ წლებში დაბალანსდება.