სწავლა პანდემიის დროს

2020 წელს პანდემიის შედეგად მთელი მსოფლიოს მასშტაბით სკოლების კარები დაიხურა. ის, თუ როგორ ატარებდნენ მასწავლებლები გაკვეთილებს და როგორ სწავლობდნენ მათ მოსწავლეები, ფაქტობრივად, ერთ ღამეში შეიცვალა. როგორც ბოსტონის საშუალო სკოლის ერთ-ერთმა სტუდენტმა ბოლოდროინდელ კვლევაში აღნიშნა, “საძინებლები საკლასო ოთახებად იქცა, საცხოვრებელი ოთახები — სამეცნიერო ლაბორატორიებად, კორპუსების ეზოები კი — სავარჯიშო დარბაზებად”.

პანდემიიდან ორი წლის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ  დისტანციურ და შემდგომ ჰიბრიდულ სწავლებაზე გადასვლამ მრავალი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა. სწავლის ამ მეთოდებმა მასწავლებლებსა და მოსწავლეებში სტრესი და დაბნეულობა გამოიწვია. მიუხედავად ამისა, ცვლილებებმა, რომლებიც საგანმანათლებლო სივრცეში მოხდა, სარგებელიც მოიტანა.

ბოლოდროინდელი ანგარიშის მიხედვით, რომელიც 38 ქვეყნის საშუალო სკოლის 81 კვლევის შედეგს აერთიანებს, ციფრული მეთოდი სრულყოფილი სწავლების ტრადიციულ გზას. მოსწავლეებმა აღმოაჩინეს, რომ საკუთარი ტემპით, საკლასო ოთახში არსებული სოციალური ზეწოლის გარეშე მუშაობას დადებითი მხარეც აქვს. ვინაიდან 2022 წელს კვლავ ვდგავართ სასწავლო პროცესის შეფერხების საფრთხის წინაშე, მსგავსი შეფასებები იმედის მომცემია.


პანდემიის გამო ბევრი სკოლა დადგა გამოწვევის წინაშე — გამოეყენებინა სწავლის მართვის სისტემები და აპლიკაციები, რათა სკოლასა და სახლს შორის კომუნიკაცია ეფექტიანი ყოფილიყო. დისტანციურად მუშაობის აუცილებლობამ როგორც მასწავლებლები ისე მოსწავლეები აიძულა, ხელახლა მიბრუნებოდნენ ან პირველად შეეძინათ ციფრული უნარები. როგორც აშშ-ში ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი, ამან გამოიწვია ინოვაციური და შემოქმედებითი აზროვნების სტიმულირება და მოსწავლეებს მრავალი ციფრული ხელსაწყოს გამოყენებისა და, შესაბამისად, ციფრული უნარების განვითარებისაკენ უბიძგა

ბევრმა მოსწავლემ დამოუკიდებლად სწავლისა და პრობლემის გადაჭრის უნარი გაიუმჯობესა. ჰონგ-კონგში მასწავლებლების განცხადების მიხედვით, მოზარდებს პრობლემების გადაჭრის ისეთი მეთოდები განუვითარდათ, რომლებიც თავად მათ არ უსწავლებიათ.

ამავდროულად, საშუალო სკოლის 2824 მოსწავლიდან, რომლებიც სლოვაკეთში გამოიკითხნენ, უმეტესობამ თქვა, რომ მათ მიერ არჩეული ტემპით სწავლა ფასდაუდებელია. სასწავლო ვიდეოების ხელახლა ყურების შესაძლებლობა მათ საგნების უკეთ გაგებაში დაეხმარა. ამასთანავე, მათ შეძლეს, შეენარჩუნებინათ კავშირი მასწავლებლებთან.

ინგლისში, შვედეთსა და შეერთებულ შტატებში რამდენიმე მოსწავლემ, რომელსაც პანდემიამდე გაკვეთილების მსვლელობაში აქტიურად მონაწილეობა ან, საერთოდ, მათზე დასწრებაც კი ეძნელებოდა, აღნიშნა, რომ დისტანციური სწავლების პერიოდში მეტად იყო სასწავლო პროცესში ჩართული, რადგან ნაკლებ სოციალურ ზეწოლას განიცდიდა. ამასთანავე, ავსტრალიაში მუსიკალური სკოლის მოსწავლეებმა სოციალური — მათ შორის, კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და აქტიური მოსმენის — უნარები გაიუმჯობესეს.

ასევე, ავსტრიაში, აშშ-სა და პორტუგალიაში გამოკითხულმა მოსწავლეებმა კლასელებთან უკეთ დაამყარეს ურთიერთობა. დისტანციური სწავლების შედეგად მათ თანამშრომლობის ახალი მეთოდები აღმოაჩინეს — მათ შორის, ინტერაქციული ელექტრონული პორტფოლიოს შემუშავება იდეების გაზიარებისა და ჯგუფური დავალებების შესრულების მიზნით სადისკუსიო დაფების გამოყენება , ციფრული პოსტერებისა და ვიდეოების გაერთიანებული ძალებით შექმნა და მათი სოციალური ქსელებით გავრცელება. აშშ-ში ჩატარებული კვლევის მიხედვით, თანამშრომლობისა და კონტაქტის დამყარების კუთხით მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო აღმოჩნდა გაკვეთილის Google Meet-ში მიმდინარეობისას მიმოწერის ფუნქციის გამოყენება და საზიარო Google Docs-ში ტექსტების რედაქტირება და კომენტირება .