“ტაძრის გასაღები -ენის გასაღები” გასაღები რომელიც უენო ბავშვებს შელოცვის შემდეგ აალაპარაკებს

ახალციხეში, სოფელ ივლიტის ღვთისმშობლის ტაძარში ინახება გასაღები, რომელიც მრევლის რწმენით, ბავშვებს ლაპარაკის დაწყებაში ეხმარება. ივლიტის ტაძრის მცველი, ვახტანგ ვარდიძე, რომელიც უკვე რამდენიმე ათეული წელია ივლიტის ტაძრის გასაღებს ინახავს, მამაპაპისეულ ტრადიციაზე გვიყვება.

მრევლის რწმენით, სასწაულმოქმედი გასაღები იმ ბავშვებს, ვისაც ლაპარაკის დაწყების პრობლემა აქვს, მცირე რიტუალის ჩატარების შემდეგ, ლაპარაკს აწყებინებს.

ვახტანგ ვარდიძის თქმით, უკვე წლებია, რაც ივლიტის ტაძარს ერთგულად დარაჯობს. როდიდან იღებს სათავეს გასაღების სასწაულმოქმედობის შესახებ ამბავი, არ იცის, რადგან ხალხური გადმოცემა ტაძრის ისტორიაში, დიდი ხანია არსებობს. 

ტაძრის მცველი, მისთვის ცნობილ ისტორიას გვიყვება.

„ივლიტის ეკლესიის ბარძიმი, მრავალი წელი ყუთში ინახებოდა, რომელიც გასაღებით იკეტებოდა. ყუთი 1989 წლის აგვისტოში, ბარძიმთან და ტაძრის ხატებთან ერთად მოიპარეს. გასაღები კი დარჩათ, რადგან სხვაგან ინახებოდა. 74 წლის ვარ და ბავშვობიდან ვიცი გასაღების შესახებ. მამაჩემიც და დედაჩემიც მიყვებოდნენ, რომ ბარძიმის ყუთის გასაღებით იმ ბავშვებს, ვისაც სმენა ჰქონდათ, მაგრამ ვერ ლაპარაკობდნენ, პირში ავლებდნენ, რომლებიც შემდეგ ლაპარაკს სწრაფად სწავლობდნენ“, – ამბობს ის.

მისივე თქმით, ივლიტის ეკლესიის კუთვნილი გასაღების შესახებ ტარდიცია ხალხურია და მას რელიგიური სარიტუალო დანიშნულება არ აქვს, ამიტომ ოჯახის წევრების მიერ აქ მოყვანილ ბავშვებს, ვისაც ლაპარაკის დაწყება უჭირს, გასაღებს თავად ავლებს.

„სმენა თუ აქვს ბავშვს, მოჰყავთ სამჯერ, მერე ამ გასაღებს პირში სამჯერ ვავლებ, ენის ქვეშ, იქამდე კი ნაკურთხ წყალში ვდებ. მამაო ჩვენო ისეც ყველამ ყოველდღე უნდა წაიკითხოს და ბავშვებსაც ვუკითხავთ ხოლმე ამ დროს. ხანდახან, როცა უნდათ ხოლმე, სახლში ნაკურთხ წყალსაც ვატან. სამჯერ მოჰყავთ ხოლმე და ჯერ უკმაყოფილო არავინ ყოფილა. ყველა ბავშვმა დაიწყო საუბარი. ამ დროს ბავშვიც მშვიდდება, როცა ლაპარაკს იწყებს“,  – გვიყვება ტაძრის მცველი.

მრავალი ათეული წლის განმავლობაში, ვახტანგ ვარდიძის თქმით სათვალავიც აერია იმდენი ბავშვი ჰყავთ მშობლებს იმ იმედით მოყვანილი, რომ პატარა საუბარს მალე დაიწყებს.

„33 წელია აქ ვარ და იმდენი ბავშვი მოუყვანიათ, რომ არც დამითვლია. 100 ბავშვზე მეტი რომ არის წყალი არ გაუვა. ერთი ახალციხელი ბიჭი ამერიკაში წავიდა და ოჯახთან ცხოვრობდა.  მოუყვა გასაღების ისტორია და იქიდანაც კი ჩამოვიდნენ ბავშვთან ერთად. ზაფხულში უფრო ხშირად დადის ხალხი. სხვა ქვეყნებიდანაც მოდიან. მე კი ვაგრძელებ ტრადიციას“, – გვიყვება ის.

ივლიტის ეკლესიის ტაძრის მცველის თქმით, იგი პანდემიის პერიოდამდეც იცავდა ჰიგიენის ნორმებს და მუდამ წმენდდა გასაღებს. ახლაც აგრძელებს იგივეს და გასაღებს გამოყენებამდე სპირტით ამუშავებს, შემდეგ ნაკურთხ წყალში დებს და პატარას ელოდება, რომელსაც მრავალწლოვანი ტრადიციით, დახმარების ხელს გაუწოდებს.