ქართული მედია აქტიურად აშუქებს ბოლო პერიოდში უკრაინაში და მის ირგვლივ შექმნილ უსაფრთხოების კრიზისს; ცხადია, რომ უკრაინასთან დაკავშირებული პროცესები და მოსალოდნელი შედეგები ზეგავლენას საქართველოზეც იქონიებს.
აქედან გამომდინარე, მედიის განსაკუთრებული ინტერესიც ამ ქვეყნის მიმართ სრულიად ბუნებრივია, თუმცა საზოგადოების ობიექტური ინფორმირებისთვის დათმობილი დროის გარდა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ისიც, თუ რამდენად სიღრმისეულად და პროფესიულად შუქდება უკრაინის მოვლენები.
სასურველი სტანდარტისგან ჯერ კიდევ შორს ვართ, ხოლო უკრაინის თემა ამ რთულ ვითარებაშიც კი მედიის მიერ უმეტესწილად შიდაპოლიტიკური სპეკულირების მიზნით გამოიყენება.
მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ მედია კონცენტრირებული იყოს უშუალოდ უკრაინაზე და იმ გეოპოლიტიკურ კონტექსტზე, რომელშიც კიევი რუსეთსა და დასავლეთს შორის გამწვავებული დაპირისპირების მორიგ ეპიცენტრად იქცა, რეალურ ცხოვრებაში ქართული ტელევიზიების დიდი ნაწილის ინტერესი და მსჯელობა დიდწილად ფოკუსირებულია… საქართველოს ხელისუფლების კრიტიკაზე უკრაინისადმი „არასაკმარისი სოლიდარულობის“ გამო;
შემდგომ, როგორც წესი, ამას მოყვება ყოფილი ხელისუფლების პოზიტიური შეფასება „მეტი პრინციპულობისთვის“ და საბოლოო ჯამში აუდიტორიის ყურადღება სრულიად სწყდება უკრაინას და მკითხველს თუ მაყურებელს ხელში ჩვეულებრივი პოლიტიკური პროპაგანდა რჩება.
ცალკე უნდა აღინიშნოს ტოკ-შოუს ტიპის გადაცემები, სადაც სტუმრების არითმეტიკული სიმრავლის მიუხედავად, ხშირად მხოლოდ ერთი პოზიციაა წარმოდგენილი და საპირისპირო მოსაზრება უბრალოდ არ ისმის.
რესპონდენტები ხშირად კრიტიკულ კონტექსტში იყენებდნენ „რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკას“, როგორც ნეგატიურ კლიშეს, თუმცა არც წამყვანს და არც თავად რესპონდენტებს არ გასჩენიათ სურვილი დაეკონკრეტებინათ, უშუალოდ რაში გამოიხატება „არგაღიზიანების პოლიტიკა“ ან რას მიიღებდა საქართველო საპირისპირო პოლიტიკის წარმოების შემთხვევაში.
უკრაინის თემის გაშუქებისას ქართულ მედიაში აშკარად თვალშისაცემი იყო მოვლენების ადგილიდან ავთენტიკური და ექსკლუზიური მასალების დეფიციტი. ამ კუთხით ყურადღებას იქცევდა ისიც, რომ უკრაინაზე საუბრისას ქართული მედია ძირითადად უცხოური მედიასაშუალებების სიუჟეტებს ეყრდნობოდა და ძალიან იშვიათად გვთავაზობდნენ ჩართვებს და რეპორტაჟებს უშუალოდ უკრაინიდან.
თუკი რომელიმე მედიასაშუალება ზოგჯერ გამონაკლისის სახით ადგილიდან ჩართვას ან რეპორტაჟსაც გვთავაზობდა, როგორც წესი ამგვარი მასალები ისევ და ისევ შიდაპოლიტიკურ პროპაგანდას უფრო ემსახურებოდა, ვიდრე უკრაინის შესახებ აუდიტორიის სრულყოფილ ინფორმირებას.
ამის მაგალითი გახლდათ, თუნდაც რეპორტაჟები უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისეებზე შესაბამისი პოლიტიკური დატვირთვის კომენტარებით. შესაბამისად, ბოლო დრომდე ამის გამო ქართველი აუდიტორია ქართული ტელეარხებიდან ვერ ღებულობდა ოპერატიულ ინფორმაციას თუ რას ფიქრობენ შექმნილი კრიზისის შესახებ უკრაინელი მოქალაქეები, სამხედროები, ოფიციალური პირები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
უნდა ითქვას, რომ ინფორმაციის ამ დეფიციტს გარკვეულწილად ავსებდნენ ონლაინგამოცემები, რომლებიც გვთავაზობდნენ უკრაინელი ექსპერტების მოსაზრებებს, თუმცა ონლაინგამოცემები, რა თქმა უნდა, ბოლომდე ვერ ავსებდნენ ადგილიდან მომზადებული სიუჟეტების დეფიციტს.
ბოლო პერიოდში სიტუაცია ამ კუთხით უმჯობესდება. მიუხედავად ამისა უკრაინის თემის გაშუქება, სამწუხაროდ, კვლავ რჩება ქართული მედიის ღრმა პოლიტიკური პოლარიზაციის ერთ-ერთ მაგალითად.