2021 წლის 21 ოქტომბერს, ხობში სპეცოპერაციის დროს ყოფილი ძალოვანი ლექსო რაფავა დააკავეს. მას იარაღის შეძენა-შენახვას ედავებიან.
ამასთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურასთან ყოფილმა ძალოვნებმა საპროტესტო აქცია გაიმართეს. საქმის ადვოკატმა დავით ახალაიამ, აქციის მონაწილეებთან ერთად, პროკურატურაში საჩივარი შეიტანა, რომელსაც ვიდეო მტკიცებულებებიც ახლავს, რაც მისი თქმით, ლექსო რაფავას უდანაშაულობას ამტკიცებს.
ადვოკატმა განაცხადა, რომ პოლიტიკური შეხედულების გამო, მოხდა თადარიგის პოლკოვნიკ ამირან ჯანაშიას და მაიორ ლექსო რაფავას დაკავება. როგორც ის აღნიშნავს მათი დაკავება უკავშირდება პოლიტიკურ საქმიანობას.
ასევე ადვოკატმა განაცხადა: “ლექსო რაფავას საქმესთან დაკავშირებით მოპოვებულია დამაჯერებელი მტკიცებულებები, მათ შორის არის ვიდეო ფაილები, სადაც ასახული არის პოლიციელთა დანაშაულებრივი ქმედებები, რომელიც უტყუარად ადასტურებს, იმ დროს, როცა თითქოს ჩხრეკა უნდა მიმდინარეობდეს რაფავას ბინაში, პოლიციელები, გარდა 2 პოლიციელისა, არავინ იმყოფება. ამით დასტურდება, რომ ჩხრეკისა და დაკავების ოქმი არის ყალბი. ამ გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე არის ლექსო რაფავა პატიმრობაში. ჩვენ პროკურატურას მივმართეთ, წარვუდგინეთ დასაბუთებული საჩივარი, რომელსაც ერთვოდა ვიდეო ფაილები, სადაც ასახული არის პოლიციელთა დანაშაულებრივი ქმედება, თუმცა პროკურატურას სამართლებრივი რეაგირება დღემდე არ მოუხდენია. ამაზე მეტი მტკიცებულება სახელმწიფოში არ არსებობს, სადაც ვიდეო ფაილი არსებობს და ადამიანი იმყოფებოდეს პატიმრობაში. ამიტომ დღეს ჩვენ გადავცემთ საჩივარს საქართველოს გენერალურ პროკურორს, რომ ვიდეო მტკიცებულება სამართლებრივად იყოს შეფასებული”