27 ქვეყანა უკრაინას იარაღსა და სამხედრო დახმარებას გაუგზავნის

Sky News-ის ინფორმაციით, 27 ქვეყანა შეთანხმდა უკრაინისთვის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დამატებითი იარაღის, სამედიცინო მარაგების და სხვა სამხედრო დახმარების გაგზავნაზე.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლასმა სამხედრო დახმარების შესახებ დონორთა კონფერენცია გუშინ ვირტუალურად გამართა.

კონფერენციას 25 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, დამატებით 2-მა კი, ვინც ამ შეხვედრას ვერ დაესწრო, განაცხადა, რომ დახმარებისთვის მზადაა.

დონორ ქვეყნებს შორის არის აშშ, დიდი ბრიტანეთი და სხვა ევროპული ქვეყნები, მათ შორის ისინიც, ვინც NATO-ს ალიანსში არაა გაწევრიანებული.

Sky News-ის ინფორმაციით, უკრაინისთვის განკუთვნილი დახმარება მოიცავს, როგორც ლეტალური შეიარაღებით დახმარებას, მათ შორის ტყვია-წამალსა და ანტი-საჰაერო იარაღებს, ასევე არა-ლეტალურ დახმარებასაც, რაც მოიცავს სამედიცინო მარაგებს. წყაროს ინფორმაციით, ამ დახმარებას უკრაინა სხვადასხვა ფრონტზე რუსულ ძალებთან ბრძოლისასაც მიიღებს.

ამ დროისთვის არაა ცნობილი, კონკრეტულად რა ტიპის იარაღის გაგზავნაზეა საუბარი, თუმცა Sky News-ის ჟურნალისტი იუწყება, რომ ნიდერლანდები უკრაინას 200 ერთეულ Stinger-ის რაკეტას გაუგზავნის.