პეკინში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ სრიალში, გუნდური შეჯიბრების მოკლე პროგრამა ქალებმა დაასრულეს და გაირკვა შეჯიბრებაში მონაწილე ათი ნაკრებიდან ის ხუთეული, რომელიც ფინალში გააგრძელებს მედლისთვის ბრძოლას. საქართველოს ნაკრებს ფინალამდე ერთადერთი ქულა დააკლდა.
საქართველოს ნაკრებისთვის დღევანდელი დღის მთავარი სიურპრიზი ჩინელი ი ჟუს სრიალი იყო. მან ბოლო – მეათე ადგილი დაიკავა და თავის ნაკრებს ერთადერთი ქულა შემატა. შედეგად, მოკლე პროგრამის შემდეგ, მეხუთე-მეექვსე ადგილები საქართველომ და ჩინეთმა დაიკავეს, ოცდაორ-ოცდაორი ქულით და ფინალისტის გამოსავლენად საჭირო გახდა დამატებითი მაჩვენებლების გადახედვა.
ორგანიზატორებმა ორივე ნაკრების ორ-ორი საუკეთესო შედეგი შეაჯამეს. ჩინეთს საერთო მონაგარიდან თექვსმეტი (10+6) ქულა წყვილებსა და ცეკვებში ჰქონდა მოპოვებული. საქართველომ კი მამაკაცებსა და ქალებში აიღო ყველაზე მეტი – შვიდ-შვიდი ქულა. შედეგად, ფინალის საგზური ოლიმპიადის მასპინძლებს ერგოთ. ფიგურული ციგურაობის გუნდური შეჯიბრების დებიუტანტმა ქართულმა გუნდმა კი პეკინი-2022 მეექვსე ადგილით დაასრულა.