ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პატრულ-ინსპექტორი დაიღუპა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამი პატრულ-ინსპექტორი გარდაიცვალა.


ევაკუატორისა და შსს-ს ავტომანქანის შეჯახების შედეგად დაშავებულია ევაკუატორის მძღოლიც.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე და მერვე ნაწილებით მიმდინარეობს.


„საქართველოს პროკურატურამ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 153-ე კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
12 მარტს, დაახლოებით 10:45 საათზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევში გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 153-ე კილომეტრზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომანქანის და „FORD TRANSIT“-ის მარკის ევაკუატორის შეჯახების შედეგად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამი პატრულ-ინსპექტორი გარდაიცვალა, ხოლო ერთი პატრულ-ინსპექტორი და ევაკუატორის მძღოლი მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.


ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე და მერვე ნაწილებით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია) მიმდინარეობს, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
საქართველოს პროკურატურა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო, უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.