თხაბა ერდის ტკივილი: ქართულ-ინგუშური უნიკალური ტაძრის ბედი

ორ კვირაზე მეტია, საქართველოს მეზობელ ინგუშეთში ცდილობენ გამოიძიონ ვანდალიზმის ფაქტი, რომელიც ქართული ხუროთმოძღვრების უმშვენიერეს ძეგლზე – თხაბა/ტყობა ერდიზე მოხდა.

ქართული ვერსიით, ტაძრის სახელწოდება – წმიდა მოციქულ თომას სახელთან არის დაკავშირებული. (ერდი – წმიდა, თ(ხ)ობა – თომა). ინგუშური ვერსიით კი ორი ათასი წმინდანის (თხაბა – ოცი ასი, ერდი – წმიდა) სახელთან.

ეს არის უძველესი ქრისტიანული ეკლესია თანამედროვე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, რომელიც ქართველებმა 8-9 საუკუნეში ააგეს და დღემდე ინგუშებისთვისაც კი დიდი სიწმინდეა.

ტაძარი მდინარე ასას ხეობაში მდებარეობს, რუსეთ-საქართველოს საზღვრიდან 10 კილომეტრში, ჯეირაჰის რაიონში, რომელიც პირიქითა ხევსურეთს ესაზღვრება.

ტაძარი, ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაციის შემდეგ, 1943-1957 წლებში, საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ მყოფ, საქართველოს ადმინისტრაციულ ერთეულის ახალხევის რაიონის საზღვრებში იყო მოქცეული.

ვანდალიზმის შესახებ კი ცნობილი ნოემბრის ბოლოს გახდა. როგორც „ამერიკის ხმას“ ჩერქეზული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მერაბ ჩუხუამ უთხრა, ვანდალიზმი პირდაპირ კავშირში იყო ტაძრის ქართულ წარმოშობასთან.

  • როცა გიდს ტაძრის შესახებ მოყოლა, დაუწყია და უთქვამს, რომ ძეგლი ქართული წარმოშობისაა, ამ ჯგუფში მყოფ რამდენიმე პირს გადმოუნგრევია ტაძრის გარე კედლის ნაწილი

„ინგუშეთიდან მაცნობეს, რომ ტყობა ერდიზე მისულა, ამ დრომდე დაუდგენელი ტურისტული ჯგუფი, რუსეთის ფედერაციის სხვა რესპუბლიკიდან, როცა გიდს ტაძრის შესახებ მოყოლა დაუწყია და უთქვამს, რომ ძეგლი ქართული წარმოშობისაა, ამ ჯგუფში მყოფ რამდენიმე პირს გადმოუნგრევია ტაძრის გარე კედლის ნაწილი, რამდენიმე ქვა, მოუტეხიათ ასევე საინფორმაციო დაფაც“ – გვითხრა მერაბ ჩუხუამ.

მისივე თქმით, „ინგუშებისთვის ეს არის წმინდა ადგილი, ეს არის ინგუშური კულტურის აკვანი. თხაბა ერდის გარდა, ამ ტერიტორიაზეა ცნობილი ინგუშური კოშკები.

ერზის ნაკრძალი, ჯეირაჰ-ასინის ღია მუზეუმ-ნაკრძალი, შესაბამისად, მაშინვე დაიწყო გამოძიება, დახმარებისთვის მიმართეს ახლო სოფლების მცხოვრებლებს.“