დღეს ქართული არტილერია 29 წლის გახდა

15 მარტს საქართველოს თავდაცვის ძალების არტილერიის დღე აღინიშნება, ქართული არტილერია 29 წლის გახდა.


უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას თქმით, მნიშვნელოვანია თანამედროვე საარტილერიო დანადგარების და ცეცხლის მართვის სისტემების განვითარება.


„1993 წლის 14-16 მარტს რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილებმა და რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მართულმა ჩრდილო კავკასიის, კაზაკების და სეპარატისტების ბანდდაჯგუფებებმა მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ ფრონტის ხაზზე ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელეს, მძიმე ბრძოლების შედეგად ქართულმა არტილერიამ გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგეს და დიდი დანაკარგების გამო ეს უკანასკნელი იძულებული გახდა, უარი ეთქვათ შეტევის გაგრძელებაზე. 15 მარტი ქართული არტილერიის დღედ სწორედ ამ დღეებში მოპოვებული გამარჯვების გამო გამოცხადდა.


ქართულმა არტილერიამ დიდი წვლილი შეიტანა 2008 წლის აგვისტოს ომში, უთანასწორო ბრძოლებში სწორედ არტილერიის მასიური ცეცხლის შედეგად შეანელა მოწინააღმდეგემ შეტევები და განიცადა დიდი დანაკარგი.


1921 წელს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები საარტილერიო დანადგარებისა და ჭურვების დიდ ნაკლებობას განიცდიდა, ქართული არტილერია მედგარ წინააღმდეგობას უწევდა წითელი არმიის ურდოებს, მტკიცედ იცავდნენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებს და მუსრს ავლებდნენ მოწინააღმდეგეს.


დღეს ჩვენი ქვეყანა და რეგიონი დიდი გამოწვევების წინაშე დგას, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების აუცილებლობაზე. თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიანი გეგმის ერთ ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს ეფექტიანი საარტილერიო შესაძლებლობების განვითარება წარმოადგენს.“- განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.