ათი წლიდან ერთი წელიწადი ქვეყანა ემიგრანტებმა შეინახეს

რომან გოცირიძე: – რატომღაც მოდურად იქცა უცხოეთში წასული ჩვენი თანამემამულეების აქ დარჩენილი ოჯახების ლანძღვა-ისინი იქ წვალობენ, ესენი აქ ერთობიანო, მანქანებს ყიდულობენო.

შეიძლება ცალკეული მსგავსი შემთხვევები მართლაც იყოს, მაგრამ მილიონამდე ჩვენი თანამოქალაქის მიერ გადმორიცხული ფულით უდგას სული ხალხს და ცალკეულ ოჯახზე გადაანგარიშებული ეს არც თუ იმდენია, რომ ფუფუნებაში აცხოვრონ ცოლ-შვილი თუ ქმარ-შვილი. რატომ გაუშვითო, საყვედურობენ. რა ექნათ მაშინ? ან მთელი ოჯახი წასულიყო? ეს ისედაც შეუძლებელია სავიზო თუ სხვა მიზეზების გამო.

მხოლოდ ბოლო ათი წლის განმავლობაში იმდენი ფული იყო ემიგრანტების მიერ გადმორიცხული, რაც ჩვენი ერთი წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ტოლია. ათი წლიდან ერთი წელიწადი ქვეყანა ემიგრანტებმა შეინახეს. ეს იმდენად მტკივნეული და რთული მორალურ-ეკონომიკური საკითხია, რომ ამაზე აგდებულად და აქ დარჩენილებზე დაყვედრებით საუბარი ძალიან ცუდია.

მართლაც და ეროვნული ბანკის მონაცემებით, ბოლო 10 წელში საქართველოში უცხოეთიდან გადმორიცხვების ჯამი 15.3 მლრდ აშშ დოლარია, ხოლო ამავდროულად საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2020 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 15.8 მლრდ აშშ დოლარია.