როგორც სჩანს, ეს თემა თანდათან გაძლიერდება და, წესით, ამ პროცესს საქართველომ მძლავრი საერთაშორისო პიარკამპანია უნდა დაახვედროს.მთავარი აქცენტები შემდეგი უნდა იყოს: -რუსეთის მიერ წახალისებულმა და მხარდაჭერილმა ვიწროეთნიკურ საფუძველზე დამყნობილმა ნაციონალიზმმა და სეპარატიზმმა უდიდესი ტანჯვა და სამხედრო-პოლიტიკური არეულობა მოუტანა ხალხებს და ადამიანებს მე-20 საუკუნის ბოლოს და 21-ე საუკუნის დასაწყისში და ეს პროცესი, სამწუხაროდ, გრძელდება;
ამ ტიპის ნაციონალიზმი და ე.წ. “ერების თვითგამორკვევა” ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ პრინციპებს და დემოკრატიულ ფასეულობებს. ის, გასაგებად რომ ვთქვათ, არის სხვა არაფერი თუ არა კაცობრიობის წინაშე დროში განგრძობადი დანაშაულის იდეოლოგიური და პოლიტიკური წყარო;
მაშინ, როცა საქართველო აშენებს ადამიანის უნივერსალურ უფლებებზე დაფუძნებულ სახელმწიფოს მისი ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად ეთნიკური თუ სხვა კუთვნილებისა, რუსეთის ფედერაცია, მის და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტერიტორიაზე აღვივებს დანაშაულებრივი ეთნიკური თვითგამორკვევის იდეოლოგიას და პოლიტიკას, ამ ტერიტორიების შემდგომი ანექსიის მიზნით. ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი ამის ნათელი მაგალითია;
კატეგორიულად დაუშვებელია და ცალსახად დასაგმობი ოსი ხალხის თვითგამორკვევაზე, ნებაზე თუ გაერთიანებაზე საუბარი სხვა ეთნოსებისგან ძალადობრივად ეთნიკურად გაწმენდილ ტერიტორიებზე. ეს არის გენოციდის და ეთნიკური წმენდის, ანუ, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ლეგიტიმურ პოლიტიკურ ინსტრუმენტად დამკვიდრების მცდელობა. ოსურ ეთნოსს არ აქვს არანაირი უფლება მხოლოდ თავისი სახელით ისაუბროს ამ ტერიტორიის მომავალზე, მითუმეტეს მაშინ, როცა ეს ტერიტორია ძალადობრივად და დანაშაულებრივად არის დაწმენდილი ეთნიკური ნიშნით.ჩვენ, როგორც წესი, ძირითადად ვამახვილებთ ყურადღებას საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, მისი საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მხარდაჭერის კუთხით. ეს სწორია, მაგრამ არ არის საკმარისი. გაცილებით უფრო მეტი ყურადღება და აქცენტებია გადასატანი იმ ჰუმანიტარულ-პოლიტიკურ საკითხებზე, რომლებიც ზემოთაა ნახსენები. სწორედ ისინი უნდა გახდენ წამყვანი ფაქტორები ამ მოვლენების შეფასებისას საერთაშორისო არენაზე. მითუმეტეს, რომ დღეს ამისათვის საერთაშორისო სიტუაცია მაქსიმალურად არის მომწიფებული.
ვინც სადმე ოდესმე ამოიღებს ამ კონტექსტში ხმას ერთა თვითგამორკევაზე, მას მაშინვე მუშტად უნდა ხვდებოდეს ცხვირში:
ა) არანაირი პოლიტიკური თვითგამორკვევა ეთნიკურ ნიადაგზე, რადგან ეს ადამიანთა დისკრიმინაციის, განადგურების და დევნის დადასტურებული წყაროა;
ბ) არანაირი საუბარი ეთნიკურად დაწმენდილი ტერიტორიების პოლიტიკურ თვითგამორკვევაზე, რადგან ეს არის კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ლეგიტიმაცია;
გ) ამ ტერიტორიების მომავალი პოლიტიკურად და სამართლებრივად შეიძლება უკავშირდებოდეს მხოლოდ იმ სახელმწიფოს, რომელსაც ისინი კანონიერად ეკუთვნის და რომელიც დაფუძნებულია არა ეთნიკურ, არამედ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე და აქვს ნაკისრი შესაბამისი ვალდებულებები ევროპული და მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე