ერთი სიტყვით, ვიდრე პოლიტიკოსებს პარლამენტის თბილი სკამები ვერ ეთმობათ, გაბრაზებული ხალხი უნდა გამოვიდეს ქუჩაში (დაგეგმილად თუ დაუგეგმავად ამას დრო, სიტუაცია და მონდომება გვიჩვენებს), მათ შორის რა თქმა უნდა უკმაყოფილო პარტიულ აქტივებს, სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას და ყველას, ყველას ვგულისხმობ, ვისაც ხელისუფლების რუსული ვექტორი ქვეყნის აოხრებად მიაჩნია, ვისაც ქვეყანაში ცვლილებები სწადია, ვისაც ცხოვრება გაუძვირდა და გაუსაძლისი გაუხდა, ვისაც უსამართლობის განცდა აქვს და მავანის მავნებლური პოზიციური თუ ოპოზიციური პოლიტიკა ყელში ამოუვიდა.
ძალიან ბევრია ასეთი ხალხი და სამოქალაქო საზოგადოებაც ბევრად აქტიური მგონია მე ამ ქვეყანაში, ვიდრე ბოლო წლების მოჩუკენე პოლიტიკური ე.წ. ისტებლიშმენტი, რომელთა ხმაც ბოლო წლებია ხალხის ხმა სულაც აღარაა და მხოლოდ საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესებზეა მორგებული.
დამიჯერეთ, ასეთი ხალხის ორგანიზებით აწეული პროტესტი (სახალხო) ხელისუფლებას სასურველ დათმობებზეც წამოიყვანს და რიგგარეშე არჩევნებსაც დაანიშნინებს საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორის დახმარებით დაკომპლექტებულ ცესკოს ფონზე.
ვიდრე ხალხი ქვეყანას სამართლიან არჩევნებამდე არ მიიყვანს, არანაირ პოლიტიკურ კეკლუცობას აზრი არა აქვს და მხოლოდ დროის გაყვანას ემსახურება ყველაფერი, რაც შესაბამისად რუსეთის კლანჭებში უფრო ძლიერად აღმოგვაჩენს ერთ მშვენიერ დღეს.