გაერო უკრაინაში დაღუპულთა რიცხვის მატებით შეშფოთებულია

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი შეშფოთებულია უკრაინაში დაღუპულთა რიცხვის ზრდით და რუსებს თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.


გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისში აცხადებენ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 549 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 957 დაშავდა.


„მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი ყოველდღიურად იზრდება, ისევე როგორც ზოგადად ადამიანთა ტანჯვა. შევახსენებთ რუსეთის ხელისუფლებას, რომ თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ და სხვა სახის განურჩეველი თავდასხმები აკრძალულია საერთაშორისო სამართლის მიხედვით “, – აღნიშნულია განცხადებაში.


რუსები ბომბავენ საცხოვრებელ სახლებს, რის შედეგადაც ასობით ადამიანი იღუპება.


„მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან და დასახიჩრებულნი არიან. რუსული ძალები იყენებენ ასაფეთქებელ იარაღს დასახლებულ რაიონებში ან მის მახლობლად. მათ შორისაა რაკეტები, მძიმე საარტილერიო ჭურვები, ასევე საჰაერო თავდასხმები“, – ნათქვამია განცხადებაში.