გირჩი იარაღის ტარების უფლების დაბრუნებას ითხოვს

გირჩი ითხოვს, იარაღის ტარების უფლება დაუბრუნდეთ ყოფილ პოლიციელებს, დაცვის სამსახურის ყოფილ თანამშრომლებს, ყოფილ ჯარისკაცებს, ვეტერანებს, ასევე, ყოფილ მოსამართლეებს და პროკურორებს. ამის თაობაზე კანონპროექტი დღეს, 10 მარტს დაარეგისტრირა.


გირჩი იარაღის ტარების უფლების დაბრუნებას იმ პირებისთვის ითხოვს, ვისაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელებისთვის ერთხელ უკვე ჰქონდათ ასეთი უფლება, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო დაკარგეს.


“ყველას გვესმის, რა საფრთხის წინაშე არის მთელი მსოფლიო ბოლო პერიოდში უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შემდეგ. ამ წუთას, საქართველოს მთავრობას, ჩვენთან რომ მოხდეს იგივე შემთხვევა, არ აქვს არც გაქცევის გეგმა, როგორ გავრბივართ, არც ბრძოლის გეგმა, როგორ ვიბრძვით.


ასეთ დროს, ჩვენ მიგვაჩნია აუცილებლად, რომ ადამიანებს, მინიმუმ, მივცეთ თავდაცვის საშუალება, რომ თვითონ როგორც წარმოუდგენიათ თავის დაცვა, ისე მოემზადონ და ამისკენ უნდა გადადგათ პირველი ნაბიჯები.


უკრაინის წარმატება მდგომარეობს, იმაში, რომ მან გააჩინა რწმენა რუს ჯარისკაცებში, რომ ყველა უკრაინელი შეიარაღებულია და შეიძლება ყველა მათი მტერი იყოს”, – თქვა პარტიის ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.