ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.


კოკა კაციტაძეს თქმით, ჟურნალისტების უფლების დაცვა საგამოძიებო სამსახურის პრიორიტეტია.


„ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლების მიმართ პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელის შეშლის ფაქტზე ერთი პირი დაკავებულია. 17 მარტს აბაშიძის ბარში ჟურნალისტი და ოპერატორები რესპონდენტთან ინტერვიუზე იყვნენ, რა დროსაც ბრალდებულმა უკმაყოფილება გამოთქვა ჟურნალისტის საქმიანობასთან დაკავშირებით, მიაყენა შეურაცხყოფა და ბარის დატოვება მოსთხოვა. ფაქტიდან მალევე ცხელ ხაზზე შემოსულ შეტყობინებაზე მოხდა რეაგირება. გამოიკითხნენ ჟურნალისტები, დათვალიერდა ადგილი. ჩვენ მიერ გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა მხილებული მოქალაქე. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ასევე იძიებს ზუგდიდში ტელეკომპანია „მთავარი“ არხის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს. ჟურნალისტების უფლებებისა და მათი საქმიანობის უფლების დაცვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ საქმეზე შესაძლებელია, რომ დამძიმდეს კვალიფიკაცია“, – განაცხადა კოკა კაციტაძემ.

საგამოძიებო სამსახური არკვევს ზუგდიდში ტელეკომპანია „მთავარი“ არხის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტსაც.